Skip to content

TPSolution

საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

  • Last Updated:
  • Category: ბლოგი
saganmanatleblo dawesebulebebi meti sagadasaxado shegavatit sargebloben

შესავალი

2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა.  ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობების დღგ-ით დაბეგვრასაც, რასაც ამ სტატიაში მიმოვიხილავ.

საგამანათებლო დაწესებულებები

განხოციელებული ცვლილება (ახალი ნორმის ციტირება):

„170.1.  დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:

(ე). საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.“

ამასთან, კოდექსში შემოვიდა დამხმარე/უშუალოდ დაკავშრებული საქონელის/მომსახურების განმარტება:

დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი

მომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად;

უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი

მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის;

2021 წლამდე არსებული ნორმა:

საგადასახადო კოდექსის  ძველი, 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე თავისუფლდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული მხოლოდ საგანმანათლებლო მომსახურება.

როგორც ხედავთ, ახალი ნორმის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფრო მეტი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ დღგ-ის ნაწილში. კერძოდ, 2021 წლიდან,  საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული განათლების მომსახურების გარდა, ასევე თავისუფლდება ასეთ მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდებაც.

მაგალითად, სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის კვების მომსახურების გაწევა, ან/და ტრანსპორტირების მომსახურება, ჩემი აზრით,  ცალსახად უნდა გათავისუფლდეს დღგ-სგან,  ახალი ჩანაწერის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ სკოლების მიერ მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფის დღგ-ით დაბეგვრა წარსულში საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელებს შორის მუდმივად დავის საგანს წარმოადგენდა. საკითხთან დაკავშრებით მიდგომებიც არაერთგავროვანი იყო და არა ერთი საგადასახადო დავა გამართულა ხსენებულ თემასთან დაკავშრებით. ძირითადი სადავო საკითხი იყო, რამდენად წარმოადგენდა შერეულ ოპერაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევასთან ერთად მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფა და უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა კვების მომსახურებაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორი მომსახურების მიწოდება შერეულ ოპერაციად დაკვალიფიცირდებოდა.

ახალი ჩანაწერით, ეს პრობლემა, ვფიქრობ, მოგვარდება და სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის კვების მომსახურების მიწოდება დღგ-ით დაბეგვრას აღარ დაექვემდებარება. ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზე, რომ კანონის არც დღევანდელი და არც 2021 წლამდე არსებული რედაქციით დღგ-ისგან ნებისმიერ შემთხვევაში არ თავისუფლდება  საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. განათლების მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ის არის, რომ ასეთი მომსახურება გაწეული უნდა იყოს ისეთი პირის მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს საგანმანათლობლო დაწესებულების სტატუსი.

ჩანაწერი დღგ-ის ცვლილების პირვანდელი პროექტში

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის კარის ცვლილების პირვანდელ პროექტში, რომელიც მაცნეზე იყო გამოქვეყნებული 2019 წლიდან, ამ ნაწილში განსხვაბულ ჩანაწერს ვკითხულობდით. კერძოდ, დღგ-ისგან თავისუფლდებოდა მხლოდ: „ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება.“

დღგ-ის კარის ცვლილების პირვანდელ პროექტში არ იყო მოხსენიებული ფრაზა „დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება“. აღნიშნულმა (პირვანდელმა) ჩანაწერმა გამოიწვია საკმაოდ დიდი დისკუსია ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის გამართულ განხილვებზე. ყველაზე აქტუალური კითხვა იყო, ითვლებოდა თუ არა სკოლების მიერ მოსწავლეებისთვს კვების მომსახურების მიწოდება „უშუალოდ დაკავშრებულ მომსახურებად“. განსხვავებული იტერპრეტაციების თავიდან ასარიდებლად კანონმდებელმა აღნიშნულ ქვეპუნქტში ჩაამატა „დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება“, რაც, ჩემი აზრით, უკვე ცალსახად ნიშნავს კვების, ტრანსპორტირების და სხვა მსგავსი დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებას.

 შეჯამება

კოდექსის 2021 წლამდე რედაქციით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე თავისუფლდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული განათლების მომსახურება. გათავისუფლების ეს წესი 2021 წლიდან ისევ ძალაშია, ამასთან დაემატა ახალი გათავისუფლებებიც. უფრო კონკრეტულად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე ასევე თავისუფლდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეულ საგანმანათლებლო მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშრებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება, რაც ცალსახად დადებითი ცვლილებაა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რადგან 2021 წლიდან ისინი მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლებენ.

ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი არის საგადასახადო კონსულტანტი და საკონსულტაციო/საბუღალტრო კომპანია „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. გელა სპეციალიზებულია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებაში (ტრანსფერ ფრაისინგი, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები). ელ.ფოსტა: gela.barshovi@tpsolution.ge