Skip to content

TPSolution

2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

  • Last Updated:
  • Category: ბლოგი
2021 wlidan barteruli operaciebi degegut radijakyrad gabsxvavebuli wesebit ibegreba
როგორც უკვე ვიცით, 2021 წლიდან დღგ-ის კარი მნიშვნელოვანად შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ცვლილება შეეხო ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხს. ამ სტატიაში შევეცდები, დეტალურად აღგიწეროთ, რა შეიცვალა ბარტერის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში და რომელი საკანონმდებლო ჩანაწერებიდან გამომდინარეობს ეს ცვლილებები.

მოკლედ, რა იყო და რა შეიცვალა

 2021 წლამდე
  • ბარტერის დროს მიმწოდებლისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იყო მის მიერ მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულება;
  • მიმწოდებლის მიერ ჩათვლაც იგივე თანხის- მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის ხდებოდა;
  • ჩათვლის მიღების დოკუმენტი იყო საგადასახადო დეკლარაცია, თუ ბარტერის ფარგლებში მიწოდებული საქონელი/მომსახურება ორივე მხარის მიერ იბეგრებოდა;
  • მიწოდებულ საქონლზე/მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლა წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე ხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ბარტერის ორივე მხარე დღგ-ით ბეგრავდ აასეთ ოპერაციას;
  • თუ ერთ-ერთი მხარე ბარტერის ფარგლებში მიწოდებულ საქონელს/მოსმახურებას არ ბეგრავდა დღგ-ით, მაშინ მას შეეძლო მეორე მხარის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით ჩაეთვალა მეორე მხარის მიერ დარიცხული დღგ. (კოდექსით არ რეგულირდებოდა, მხოლოდ მანუალით #11120)
  • ჩათვლის მიღების დრო იყო სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტი, როცა ბარტერულ ოპერაციას ორივე მხარე ბეგრავდა.

2021 Georgia TPsolution

2021 წლიდან

  • ბარტერის დროს მიმწოდებლისთვის დღგ-ით დასაბეგრია მის მიერ მიღებული , ანუ მეორე მხარის მიერ მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება (უნდა ვივარაუდოთ, რომ საბაზრო ღირებულება იგულისხმება);
  • ბარტერის დროს მიმწოდებლის მიერ ჩათვლა ხდება მის მიერვე მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან;
  • ბარტერის ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ესეც უნდა ვივარაუდოთ, რადგან პირდაპირ, შავით თეთრზე არ წერია და მხოლოდ გამომდინარეობს ჩანაწერიდან);

ბარტერის დღგ-ით დაბეგვრის წესი 2021 წლამდე

როგორც უკვე ავღნიშნე, 2021 წლამდე ბარტერულ ოპერაციაზე დღგ-ის დაბეგვრაც და ჩათვლაც ერთი და იმავე თანხიდან ხდებოდა. კერძოდ, მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან.შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ციტირება:მუხლი 18. საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  1. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენა.“ (იმავეს მიუთითებდა 161-ე მუხლის მე-7 ნაწილი)

მაგალითი 1

2020 წელს შპს „ა“-მ 1000 ლარიანი მაგიდის სანაცვლოდ შპს „ბ“-ს მიაწოდა 2000 ლარიანი კომპიუტერი. სხვა სიტყვებით, შპს „ა“-მ მიაწოდა 2000 ლარიანი კომპიუტერი, ხოლო შპს „ბ“-მ შპს „ა“-ს გადასცა 1000 ლარიანი მაგიდა.

მაგალითის ანალიზი

აღნიშნულ ბარტერულ ოპერაციაზე შპს „ა“ დაბეგრავს და ჩაითვლის 360 ლარს (2000*0,18-მიწოდებლი საქონლის საბაზრო ღირებულების 18%). ხოლო შპს „ბ“ დაბეგრავს და ჩაითვლის 180 ლარს (1000*0,18-მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულების 18%).2021 წლამდე ბარტერულ ოპერაციაზე, თუ ორივე მხარე იბეგრებოდა დღგ-ით, ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერებოდა. ჩათვლის მიღების საფუძველი იყო წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია. ბარტერის დროს დარიცხულ დღგ-ზე ჩათვლა წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე მიიღებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარეც ბეგრავდა ასეთ ოპერაციას დღგ-ით.შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ციტირება:მუხლი 174. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის:

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინები.“

მუხლი 175. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

„3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით….31 . საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. ამ შემთხვევაში ჩათვლის მიღების საფუძველია მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. როგორც ზემოთ ციტირებულ ნორმაში კითხულობთ, კოდექსის შესაბამისად, ბარტერულ ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არ ხდებოდა, ჩათვლის მიღების საფუძველი კი წარდგენილი დეკლარაცია იყო.თუმცა, ასევე არსებობს შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო #11120, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ეძლევა უფლება, რომ ბარტერის მეორე მხარის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩაითვალოს მეორე მხარის მეირ გადახდილი დღგ, თუ ის ბარტერულ ოპერაციას თავად არ ბეგრავდა.მაგალითი 22020 წელს შპს A-მ სამი საცხოვრებელი ბინა მიაწოდა შპს B-ს, რომლის სანაცვლოდ შპს B-მ შპს A-ს გადასცა მიწის ნაკვეთი. სამი საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება იყო 500 000 ლარი, ხოლო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება-400 000 ლარი.

მაგალითის შეფასება

მოცემულ მაგალითში, #11120 მანუალის შესაბამისად, შპს A 500 000 ლარიდან გადაიხდის დღგ-ს (90 000 ლარს), ხოლო შპს B-ს მიერ მიწის გადაცემა არ დაიბეგრება დღგ-ით. ამასთან, შპს B-ს უფლება აქვს, შპს A-ს მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩაითვალოს 90 000 ლარის დღგ (თუ ჩათვლის უფლების მქონდე ოპერაციებში გამოიყენებს მოცემულ ბინებს).უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციური სახელმძღვანელო #11120 შეღავათს აწესებს გადასახადის გადამხდელებისთვის და საშუალებს იძლევა, არ „დაიკარგოს“ ბარტერის დროს ერთი მხარის მიერ დარიცხული დღგ,  თუმცა, ამავე დროს,  მანუალი წინააღმდეგობაში მოდის 2021 წლამდე ძალაში მყოფი კოდექსის 175-ე მულის მე-3 პრიმა 1 ნაწილთან, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბარტერულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. ასევე, წინააღმდეგობაში მოდის 2021 წლამდე არსებულ ბარტერულ ოპერაციაზე ჩათვლის მიღების ზოგად წესთან, რომლის მიხედვითაც მხარის მიერ მიწოდებული საქონელზე დარიცხული დღგ ჩაითვლებოდა და არა-მიღებულ საქონელზე დარიცხული დღგ (მული 174).

დღგ-ის კარის ახალი რედაქცია

დღგ-ის ახალ კარში ბარტერთან დაკავშრებით პირველი სიახლე ის არის, რომ ძალიან ცოტა რამ წერია ბარტრული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის შესახებ. ერთადერთი მუხლი დღგ-ის კარში, სადაც ბარტერი ცალსახად არის ნახსენები, ეს არის მუხლი 164, რომლის ციტირებაც ქვემოთ არის მოცემული:მუხლი 164. დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მოცემულ მუხლში ვკითხოლობთ, რომ უკვე ბარეტრულ ოპერაციას დღგ-ით არა მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან ვბეგრავთ, არამედ-მიღებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან. ვვარაუდობ, რომ „მიღებულ-მისაღებ ანაზღაურებაში“ მისაღები საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი იგულისხმება (ცალსახად არც ეს წერია).

მაგალითი 3

პირობები იგივე რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ბარტერული ოპერაცია 2021 წელს განხორციელდა.2021 წელს შპს „ა“-მ 1000 ლარიანი მაგიდის სანაცვლოდ შპს „ბ“-ს მიაწოდა 2000 ლარიანი კომპიუტერი. სხვა სიტყვებით, შპს „ა“-მ მიაწოდა 2000 ლარიანი კომპიუტერი, ხოლო შპს „ბ“-მ შპს „ა“-ს გადასცა 1000 ლარიანი მაგიდა.

მაგალითის შეფასება

შპს „ა“ დღგ-ით დაბეგვრას არა მის მიერ მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულებას, არამედ მის მიერ მიღებული საქონლის საბაზრო ღირებულებას, ანუ 1000 ლარს. ფაქტურასაც 1000 ლარზე გამოწერს და შპს „ბ“ ჩაითვლის 180 ლარის (1000*18%) დღგ-ს.  შპს „ბ“ დაბეგრავს 2000 ლარს და ფაქტურასაც ამ თანხაზე გამოწერს, შპს „ა“ კი შპს „ბ“-ის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩაითვლის 360 ლარის (2000*18%)  დღგ-ს.სხვა სიტყვებით, დღგ-ის ვბეგრავთ მიღებული საქონლის საბაზრო ღირებულებიდან და ჩათვლას ვახორციელებთ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან. ასე გამომდინარეობს  ჩანაწერიდან.აღსანიშნავია, დღგ-ის ახალ კარში არსად წერია ის, რომ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა უნდა მოხდეს ბარტერულ ოპერაციაზე, თუმცა ბარტერზე  არც რაიმე გამონაკლისია დაშვებული. ამიტომ, რადგან ზოგადად, საქონლის მიწოდების დროს ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ბარტერის დროსაც ხდება საქონლის მიწოდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარტერული ოპეტრაციის განხორციელებისას 2021 წლიდან ჩვეულებრივად გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა და ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ნაცვლად წარდგენილი დეკლარაციისა.

შეჯამება

2021 წლამდე საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცის დაბეგვრის წესი რადიკალურად განსხვაბეული იყო, ვიდრე უკვე დღეს არსებული ნორმაა. 2021 წლამდე, თუ ბარტერის მონაწილე ორივე პირი მიწოდებულ საქონელს/მოსმახირებას დღგ-ით ბეგრავდა, ასეთ ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არ ხდებოდა და საგადასახადო დეკლარაცია იყო ჩათვლის მიღების საფუძველი. ასევე, იბეგრებოდა მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი, ჩათვლაც ამავე ოდენობით ხდებოდა (მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან და არა მიღებული საქონლის ღირებულებიდან). განსხვავებული ნორმა დადგენილი იყო მანუალით და შეეხებოდა შემთხვევებს, როცა ბარტერის ერთ-ერთი მხარე ბეგრავდა ოპერაციას, ხოლო მეორე მხარე-არა.დღევანდელი რედაქციით, ბარტერზე ჩათვლის მიღების დოკუმენტი დეკლარაცია აღარ არის, უნდა ვივარაუდოთ რომ ანგარიშ-ფაქტურაა. ასევე, ბარტერი იბეგრება მიღებული საქონლის ღირებულებიდან (ნაცვლად მიწოდებულისა), ხოლო ჩათვლა ხდება მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, რადგან მეორე მხარე ანგარიშ-ფაქტურას მირებული საქონლის ღირებულებაზე შეადგენს (მისთვის დასაბეგრი ოპერაცია).რთული შესაფასებელია, ცვლილება რამდენად დადებითია ან უარყოფითი, ერთი რაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას ისაა, რომ ბევრად ნაკლები ჩანაწერი გვხვდება ბარტერთან დაკავშირებით ახალ დღგ-ის კარში, ვიდრე 2021 წლამდე გვხვდებოდა. ასევე, ზპგ შემთხვევაში ტექნიკური სირთულეები იქნება, რადგან პირს უკვე ბარტერის დროს მიღებული  (ანუ მეორე მხარის მიერ მიწოდებული) საქონლის საბაზრო ფასის დადეგენა მოუწევს.ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი არის საგადასახადო კონსულტანტი და საკონსულტაციო/საბუღალტრო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. გელა სპეციალიზებულია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებაში (ტრანსფერ ფრაისინგი, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები).  ელ.ფოსტა: gela.barshovi@tpsolution.ge