ტრანსფერ ფრაისინგი

ტრანსფერ ფრაისინგი, ანუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების პრინციპები, რეგულირდება სსკ-ის 126-1291 მუხლებით დასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის #423 ბრძანებით.

მარტივად რომ ვთქვათ, ტრანსფერ ფრაისინგი საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს წარმოადგენს და არეგულირებს საქართველოს რეზიდენტ საწარმოსა და არარეზიდენტებს შორის განხორციელებულ ოპერაციებს, (მაგალითად, უცხოურ დედა კომპანიასა და  ქართულ შვილობილ კომპანიას შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება, სესხის გაცემა) თუმცა სსკ-ის მე-18 მუხლისგან შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით განსხვავდება:

კრიტერიუმიტრანსფერ ფრაისინგიმე-18 მუხლი
მოქმედების სფერო  ოპერაცია საქართველოს საწარმოსა და ურთიერთდამოკიდებულ არერეზიდენტ საწარმოს შორის, ასევე ოპერაცია საქართველოს საწარმოსა და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირს შორის (მიუხედავად ურთიერთდამოკიდებულებისა) საკითხი აქტუალურია მუდმივი დაწესებულებებისთვისაც ოპერაცია საქართველოს რეზიდენტსა და მის ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის (რეზიდენტობის მიუხედავად)
ურთიერთდამოკიდებულება50%-ზე მეტი მონაწილეობა კაპიტალში20% და მეტი მონაწილეობა კაპიტალში
საბაზრო ფასის შეფასების მეთოდებიმკაცრად განსაზღვრული 5 ძირითადი მეთოდიმსგავსი ან იდენტური საქონლის პრინციპი
შედარებადობის ხარისხიძალიან მაღალიდაბალი
საბაზრო ფასის დადგენის ზოგადი პრინციპისაბაზრო დიაპაზონის განსაზღვრამსგავსი/იდენტური პროდუქცი(ებ)ის/მომსახურებ(ებ)ის  საშუალო ფასთან შედარება
გადასახადის გადამხდელის მოტივიმხედველობაში არ მიიღებამხედველობაში მიიღება
პროცენტული სხვაობა ფასებს შორის/ოპერაციის მხარეების ჯამური საგადასახადო ვალდებულებაშედეგებზე არ მოქმედებსთუ სხვაობა 10%-ს არ აღემატება ან ჯამური საგადასახადო ვალდებულების შემცირება არ ხდება, მე-18 მუხლი არ გამოიყენება (გასათვალისწინებელია სხვა წინაპირობებიც 981 მუხლის მიხედვით)
საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შედარების მიზნითმკაცრად შეზღუდულიაარ არის შეზღუდული
სპეციალური განათლება და გამოცდილება/მაღალი კვალიფიკაციააუცილებელიანაკლებად მოითხოვება

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსფერ ფრაისინგის  პრინციპების სწორად გამოყენებისთვის საჭიროა სპეციალური ცოდნა და კვალიფიკაციის მაღალი დონე, რადგან არჩეული მეთოდებისა და მათი გამოყენების სისწორე ნაწილობრივ სუბიექტური შეფასების საკითხია და  არის დამოკიდებული ამა თუ იმ პროფესიონალის კვალიფიკაციასა და მის მიერ აღნიშნული მიდგომების მყარ დასაბუთებაზე. ცნობილი გამოთქმის მიხედვით, მაღალი სუბიექტური ბუნების გამო, ტრანსფერ ფრაისინგი არის ხელოვნება და არა – მეცნიერება.

ტრანსფერ ფრაისინგის 5 ძირითადი მეთოდი არსებობს:

  • დამოუკიდებელი, შედარებადი ფასის მეთოდი (საქონლის ფასის შედარება იდენტური საქონლის რეალიზაციის ფასთან, შესადარებელ პირობებში, როდესაც რეალიზაცია დამოუკიდებელ პირებს შორის ხდება. ხაზი უნდა გაესვას, რომ ტრანსფერ ფრაისინგის პირველი მეთოდი მსგავსი საქონლის ფასთან შედარებას ფაქტობრივად გამორიცხავს).
  • გადაყიდვის ფასის მეთოდი (საბაზრო ფასის დადგენა მთლიანი მარჟის სისწორის შემოწმების გზით).
  • ფასნამატის მეთოდი (საბაზრო ფასის დადგენა ფასნამატის სისწორის შემოწმების გზით).
  • წმინდა მარჟის მეთოდი (საბაზრო ფასის დადგენა წმინდა საოპერაციო მარჟის სისწორის  შემოწმების გზით).
  • მოგების გაყოფის მეთოდი. (კონტროლირებული ოპერაციის მხარეებს შორის მოგების სამართლიანად გაყოფა  შესაბამისი კრიტერიუმის გამოყენებით).

სტატიაში ყველა მეთოდის დეტალურად აღწერა  ვერ მოხერხდება, თუმცა, წარმოდგენის შესაქმენლად მეოთხე მეთოდის გამოყენების მაგალითს წარმოგიდგენთ, ამასთან მოკლედ აღვნიშნავ, რომ ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდია, რომლის მეშვეობითაც, ფასის შემოწმების ნაცვლად, იმ კომპანიის მომგებიანობას ვამოწმებთ, რომელმაც კონტროლირებული ოპერაციები განახორციელა და რომელიც შესამოწმებლად ჩვენ ავირჩიეთ (შესაძლოა, შესამოწმებელ კომპანიად უცხოური კომპანიის არჩევა მოხდეს და  ქართული კომპანიის მოგება უცხოური საწარმოს მოგების კორექტირების მეშვეობით დაკორექტორდეს). თუმცა სანამ ამ მეთოდზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, დავასაბუთოთ პირველ, მეორე და მესამე მეთოდებზე უარის თქმის მიზეზი, რადგან  გამოყენების იერარქიაში მათ უპირატესი ადგილი უკავიათ.

მეოთხე მეთოდის გამოყენების მაგალითი:

ქართული კომპანია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისგან შეიძენს მობილურ ტელეფონებს და გადაყიდის მას ქართულ ბაზარზე. კომპანია მხოლოდ აღნიშნულ საქმიანობას ეწევა და მისი წმინდა საოპერაციო მოგების მარჟა 2018 წელს 1,5%-ს შეადგენს.

ფასების შესადარებლად, საჭიროა, რომ ხელმისაწვდომი იყოს საჯარო ინფორმაცია ყველა მოდელის ტელეფონის შესყიდვის ფასზე. გასათვალისწინებელია:

  • ტელეფონის ზუსტი მოდელი,
  • მწარმოებელი ქვეყანა,
  • გამოშვების თარიღი,
  • შესყიდვის მოცულობა
  • ტრანსპორტირების პირობები და ა.შ.

აუცილებელია ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება, რომელმაც შესაძლოა, შესასყიდი პროდუქციის ფასზე გავლენა იქონიოს.

დავუშვათ, რომ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო (რაც მოსალოდნელია), ასევე ვერ მოხდა მეორე და მესამე მეთოდების გამოყენება (რაც ასევე მოსალოდნელია) და გადავედით მეოთხე მეთოდზე, ამ შემთხვევაში შემმოწმებელმა უნდა მოახდინოს კომპანიის მიერ შესრულებული ფუნქციების და რისკების, ასევე მის მიერ კონტროლირებულ ოპერაციაში გამოყენებული აქტივების დეტალური ანალიზი და სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზაში (მაგალითად პროგრამა „ამადეუსი“)  უნდა მოძებნოს და გაფილტროს იმავე საქმიანობით დაკავებული კომპანიები, რომლებიც იმავე ფუნქციებს ასრულებენ და იმავე რისკებს უპირისპირდებიან. მაგალითად, თუ დავადგინეთ რომ ჩვენი შესამოწმებელი კომპანია მერკეტინგულ საქმიანობას თავად ეწევა, ბაზრის, პროდუქტთან დაკავშირებულ და საკრედიტო რისკებს თავად ტვირთულობს, ისეთი შესადარებელი კომპანიები უნდა მოვძებნოთ, რომლებიც  იმავე საქმიანობას ეწევიან საქართველოში ან მსგავს ქვეყნებში და ასევე ასრულებენ მარკეტინგის ფუნქციას და კისრულობენ ბაზრის, პროდუქტთან დაკავშირებულ და საკრედიტო რისკებს.

დავუშვათ,  რომ  მივიღეთ 9 ასეთი კომპანიის ფინანსური მონაცემებისგან შემდგარი დიაპაზონი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

კომპანიის სახელწოდებარეგისტრაციის ქვეყანაწმინდა საოპერაციო მარჟა
კომპანია 1თურქეთი2%
კომპანია 2სლოვაკეთი2.50%
კომპანია 3პოლონეთი3%
კომპანია 4სლოვაკეთი4%
კომპანია 5თურქეთი5%
კომპანია 6ლატვია5.50%
კომპანია 7სერბეთი6%
კომპანია 8უკრაინა6.50%
კომპანია 9მოლდოვა7%

იქიდან გამომდინარე, რომ შესამოწმებელი კომპანიის წმინდა საოპერაციო მარჟა დიაპაზონში არ მოხვდა, ჩაითვლება, რომ შესყიდვის ფასი არ გახლავთ საბაზრო და მარჟა გაუტოლდება მედიანას (დიაპაზონის შუა წერტილს), რომელიც აღნიშნულ მაგალითში არის 5%. შესაბამისად, შესამოწმებელი კომპანიის მოგება დაკორექტირდება და მოგების გადასახადის მიზნებისთვის ის იქნება 5%, ნაცვლად 1,5%-ისა.

უნდა ავღნიშნო, რომ 2017 წლის იანვრიდან ტრანსფერ ფრაისინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ახალი მოგების გადასახადის პირობებში ფასის/მარჟის კორექტირებით წარმოშობილ სხვაობას მოგების გადასახადი პირდაპირ დაერიცხება ზარალისა და მოგების ფაქტობრივად გაცემის მიუხედავად.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

  • უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ შემმოწმებელს შემოწმებისას აღნიშნული საკითხი მხედველობიდან გამორჩება,
  • თუ ფასი საბაზროზე დაბალია, საკმაოდ მარტივი განსახორციელებლი და დასამტკიცებელია საგადასახადო დარიცხვა საგადასახადო ორგანოს მხრიდან,
  • როიალტის და პროცენტის შემთხვევაში ვერ ვისარგებლებთ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებით მონიჭებული საგადასახადო შეღავათებით გადახდილი თანხის იმ ნაწილზე, რომელიც საბაზროს აღემატება,
  • როგორც წესი, აღნიშნული საკითხი დაკავშირებულია მატერიალური ოდენობის საგადასახადო ვალდებულებებთან,
  • ტრანსფერ ფრაისინგი მოითხოვს განსაკუთრებით მაღალ კვალიფიკაციას და წვდომას მონაცემთა სპეციალურ სისტემაზე,

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოპერაციების ფასის შეფასება „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით (იგივე საბაზრო პრინციპით) მნიშვნელოვანია ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვისაც. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას  ხელმძღვანელობის მხრიდან მოითხოვება დასაბუთებული მტკიცების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დაკავშირებული მხარის ოპერაცია “გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით” შესრულებული მსგავსი ოპერაციის ანალოგიური პირობებით განხორციელდა.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტი, რომლისთვისაც ტრანფერ ფრაისინგი აქტუალურია, ვალდებულია, მოამზადოს ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალური დოკუმენტაცია და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 დღეში წარუდგინოს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ამ მოთხოვნამდე ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია უკვე გამზადებული უნდა იყოს, რადგან მისი სრულად მომზადება 30 დღეში უაღრესად რთული ამოცანაა.

დოკუმენტაციის 30 დღეში არ წარდგენის შემთხვევაში სპეციალური ჯარიმა არ მოქმედებს, თუმცა კანონი მიუთითებს, რომ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო მტკიცების ტვირთი გადასახადის გადამხდელზე გადადის, რამაც შესაძლოა ჯარიმაზე გაცილებით ნეგატიური ფისკალური შედეგები გამოიწვიოს. დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გახანგრძლივება ტრანსფერ ფრაისინგის კანონინმდებლობით არ არის დადგენილი, თუმცა არსებობს გარკვეული შანსი, რომ პრაკტიკაში ეს შესაძლებელი გახდეს, მცირეოდენი ხნით.

თუმცა, აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადება გარანტიას არ იძლევა, რომ საგადასახადო ორგანო დარიცხვას აღარ აწარმოებს. დარიცხვა შესაძლოა მაინც განხორციელდეს, თუ დოკუმენტაციის შედგენისას ტრანსფერ ფრაისინგის ყველა ნორმის დაცვა არ მოხდა და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, რომ დოკუმენტაცია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალმა შეადგინოს, რომელსაც წვდომა აქვს სპეციალურ მონაცემთა სისტემაზე და არ არის მხოლოდ ორიენტირებული კომპანიის უკვე არსებული ფინანსური მონაცემების (საკმარისი საფუძვლის გარეშე) გამართლებაზე. სხვა შემთხვევაში, საგადასახადო დარიცხვა, დიდი ალბათობით, მაინც განხორციელდება და მომზადებული დოკუმენტაცია უსარგებლო აღმოჩნდება.

ამ შემთხვევაში ბალანსის დაცვაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოხდეს და დოკუმენტაციას არ ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, არამედ საფუძვლიანად ასაბუთებდეს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული ფასი საბაზრო პრინციპის შესაბამისია.  

ტრანსფერ ფრაისინგი საქართველოში საკმაოდ ახალი საგადასახადო საკითხია და მისი ცნობადობის დონე ჯერ კიდევ საგანგაშოდ დაბალია. დღესდღეობით, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგადასახადო რისკს იმ პირებისთვის, რომელთაც ეს საკითხი ეხებათ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტები შესაბამის საგადასახადო კანონდებლობას ან/და ჩემს ქართულ და საერთაშორისო განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას ეფუძნება. მოცემული სტატიის მიზანი არ იყო საკითხის სიღრმისეული ანალიზი, თუმცა იმედი მაქვს, მისი წაკითხვის შემდეგ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ ტრანსფერ ფრაისინიგის პრინციპებსა და მისი გამოყენების წესებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია ის.

Share: