საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოღვაწე კომპანიებმა შეიძლება ისარგებლონ მიმზიდველი საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ორი სხვადასხვა სპეციალური საგადასახადო რეჟიმის ფარგლებში: ვირტუალური ზონის პირის (VZP) და საერთაშორისო კომპანიის (IC) სტატუსების მეშვეობით.
თუ თქვენ გეგმავთ IT კომპანიის დაფუძნებას, ან თქვენი IT კომპანია უკვე ოპერირებს საქართველოში და აპირებთ მიიღოთ საგადასახადო შეღავათი, მნიშვნელოვანია, რომ სრულად გაიაზროთ ვირტუალური ზონის პირის (VZP) და საერთაშორისო კომპანიის (IC) სტატუსებით სარგებლობისთვის აუცილებელი წინაპირობები, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები — რაც საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გაზარდოთ საგადასახადო ეფექტიანობა და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის სტრუქტურასთან დაკავშირებით.
ვირტუალური ზონის პირის საგადასახადო შეღავათები VS საერთაშორისო IT კომპანიის საგადასახადო შეღავათები საქართველოში
| გადასახადის ტიპი | ვირტუალური ზონის პირი (VZP) | საერთაშორისო IT კომპანია (IC) | სტანდარტული ქართული კომპანია |
| მოგების გადასახადი (CIT) | 0% | 5% | 15% |
| გაცემულ ხელფასზე წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი | 20% | 5% | 20% |
| გაცემულ დივიდენდზე წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი | 5% | 0% | 5% |
| ქონების გადასახადი | 1%-მდე | 0% | 1%-მდე |
| დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) | მოქმედებს დღგ-ის ზოგადი წესები | მოქმედებს დღგ-ის ზოგადი წესები | საქართველოში დღგ-ის სტანდარტული განაკვეთი 18%-ია. თუმცა ზოგადი წესების მიხედვით (არა მხოლოდ კონკრეტულად ვირტუალური ზონის პირებისთვის ან საერთაშორისო კომპანიებისთვის), უცხოურ კომპანიაზე (ანუ საქართველოში რეგისტრაციისა და მართვის ადგილის არმქონე კომპანიაზე) B2B გარიგებით მიწოდებული სერვისები დღგ-ით არ იბეგრება. იგივე პრინციპი ვრცელდება VZP და IC კომპანიებზეც |
| მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზის შემცირება | არა | დიახ —საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი თანამშრომლებისთვის გაცემული ხელფასებისა და IT დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯების ოდენობით | არა |
ყველა ისეთი საგადასახადო ვალდებულება და უფლება, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, ვირტუალური ზონის პირზე და საერთაშორისო კომპანიაზეც ისევე ვრცელდება, როგორც სტანდარტულ ქართულ კომპანიაზე.
საერთაშორისო IT კომპანია VS ვირტუალური ზონის პირი–სტატუსის და საგადასახადო შეღავათების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები
| კრიტერიუმი | ვირტუალური ზონის პირი | საერთაშორისო IT კომპანია |
| შესაბამისი IT მომსახურების მიწოდების ორწლიანი გამოცდილების ქონა | VZP-ს სერტიფიკატის მისაღებად, პრაქტიკაში, ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება მკაცრად არ მოითხოვება. | დიახ – IC სერტიფიკატის მისაღებად მოითხოვება კანონით, ასევე, მკაცრად მოითხოვება პრაქტიკაში. გათვალისწინებული იქნება მშობელი უცხოური კომპანიის (ან საქართველოში მოქმედი ფილიალის შემთხვევაში – უცხოური სათავო ოფისის) ორწლიანი გამოცდილება შესაბამისი IT მომსახურების მიმართულებით. |
| საქართველოში ეკონომიკური შინაარსის არსებობის მოთხოვნა (Local Business Substance Requirement) | მოქმედი მეთოდური მითითების თანახმად, სავალდებულო არ არის რომ VZP-ის თანამშრომელი/კონტრაქტორი პროგრამისტები, ფაქტობრივად, იმყოფებოდნენ საქართველოში. მთავარია, მათზე გადახდილი იყოს გონივრული (საბაზრო) ოდენობის ანაზღაურება და დაბეგრილი იყოს გადახდის წყაროსთან VZP -ის მიერ. გამონაკლისია შემთხვევა, როცა VZP -ის დამფუძნებელი და ერთადერთი პროგრამისტი, საქართველოს საგადასახადო რეზიდენტია. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია არ გასცეს ხელფასი და მხოლოდ დივიდენდი გაიტანოს, რასაც ვზპ 5%-ით დაბეგრავს. | საერთაშორისო კომპანიის შემთხვევაში, თანამშრომელთა საქართველოში ფიზიკური ყოფნა სავალდებულოა. IC-ის თანამშრომლები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. (შენიშვნა: დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ მიდგომის დონეზეა დარეგულირებული და შესაბამისი მეთოდური მითითების გამოცემის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს). |
| IT სერვისები, რომლებზეც ვრცელდება შესაბამისი სტატუსი | საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის (software development) სერვისის და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების უცხოური კლიენტისთვის მიწოდება. საქართველოს ფარგლებს გარეთ პროგრამის ლიცენზირება ასევე შეიძლება ჩაითვალოს VZP-ის ნებადართულ საქმიანობად, თუ ლიცენზირების ხელშეკრულებაში გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით კომპონენტს და პროგრამა შექმნილია საქართველოში. | ნებადართული IT სერვისების უფრო ფართო ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №619 დადგენილებით. |
| დამატებითი საქმიანობის შეზღუდვა | კანონში მითითებული არ არის აკრძალვა ისეთი შემოსავლის მიღებაზე, რომელზეც VZP-თვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი არ მოქმედებს. | დასაშვებია დამატებითი შემოსავლის მიღება ნებადართული IT სერვისებისგან განსხვავებული (მაგრამ მათი თანმდევი) საქმიანობიდანაც, თუ ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება ნებადართული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს. |
| შესაბამისი IT მომსახურება მიწოდებული უნდა იყოს უცხოური კლიენტებისთვის | დიახ-ეს მოთხოვნა პირდაპირ არის განსაზღვრული კანონით. | დიახ, მიუხედავად იმისა, რომ კანონში პირდაპირ არ არის გაწერილი, პრაქტიკაში ეს მოთხოვნა შესასრულებელია. |
შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანიის დაბეგვრის შესახებ კანონში (მხედველობაში მაქვს დადგენილება N619) არის რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის წინაპირობას იძლევა და დაზუსტებას საჭიროებს. მოცემულ სტატიაში ასეთ ბუნდოვან ჩანაწერებზე დეტალური განხილვა არ არის წარმოდგენილი.
ვირტუალური ზონის პირების (Virtual Zone Person) დაბეგვრა და საგადასახადო შეღავათები საქართველოში
სტატიის ამ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ვირტუალური ზონის IT კომპანიების დაბეგვრის სამართლებრივ ჩარჩოზე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წინაპირობებსა და სხვა ძირითად ასპექტებზე.
ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრა — სამართლებრივი საფუძველი
ვირტუალური ზონის IT კომპანიების დაბეგვრა საქართველოში რეგულირდება შემდეგი ნორმატიული აქტებით:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიების ზონების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №49 — “ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ”
- შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის #33544 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე (მეთოდური მითითება).
რომელი IT სერვისები ექვემდებარება ვირტუალური ზონის საგადასახადო შეღავათებს
ვირტუალური ზონის პირის (VZP) საგადასახადო შეღავათები საქართველოში ვრცელდება მხოლოდ ისეთ IT საქმიანობებზე (კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა) რომელთა შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი (Software).
შესაბამისი საქმიანობებია:
- პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა (მათ შორის შექმნის რომელიმე ეტაპი) და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურებები — ტექნიკური მხარდაჭერა, განახლება და მოვლა (maintenance);
• პროგრამული ლიცენზირება — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა შეიქმნა საქართველოში და ლიცენზირების ხელშეკრულება მოიცავს არსებითი მხარდაჭერისა და მოვლის სერვისებს. მეთოდური მითითების თანახმად, მხარდაჭერისა და მოვლის (maintenance) სერვისები იმ შემთხვევაშია გათანაბრებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან, როდესაც ისინი ლიცენზიის ხელშეკრულების არსებით და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
ასევე შესაძლებელია პროგრამასთან დაკავშირებული მხარდაჭერის და maintenance-ის მომსახურების ცალკე მიწოდებაც VZP-თვის ნებადართულ საქმიანობად ჩაითვალოს, თუმცა, ეს მეთოდურიდან ცალსახად არ გამომდინარეობს და დამატებით დაზუსტებას საჭიროებს.
ისეთი IT საქმიანობებიდან VZP-ის მიერ მიღებულ შემოსავლებზე, რომელთა შედეგადაც პროგრამის შექმნა არ ხდება/რომლის მიზანი პროგრამის შექმნა არ არის, როგორც წესი, VZP-სთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება.
დამატებითი მოთხოვნები ვირტუალური ზონის პირის მიერ საგადასახადო შეღავათების მისაღებად
- რა თქმა უნდა, კომპანიას უნდა გააჩნდეს VZP -ის სტატუსი;
- VZP-ის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიის შექმნა უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს წინაპირობა იგივეა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოში საკმარისი ეკონომიკური შინაარსის (business substance) არსებობის მოთხოვნა — ორივე პრინციპი მიზნად ისახავს რეალური ადგილობრივი საქმიანობის არსებობას და ქვეყნის მიერ VZP-ის საქმიანობიდან სარგებლის მიღებას (ზემოთ ზოგადადაა აღწერილი რა შემთხვევაში აკმაყოფილებს VZP აღნიშნულ კრიტერიუმს).
შემთხვევები, როცა ითვლება, რომ VZP-მ საქართველოში შექმნა (შემდგომში უცხოეთში მისაწოდებელი) საინფორმაციო ტექნოლოგია (შესაბამისად, როცა ითვლება, რომ VZP -ის საკმარისი ეკონომიკური შინაარსი გააჩნია საქართველოში) გაწერილია მეთოდური მითითების მაგალითებში.
საერთაშორისო IT კომპანიის საგადასახადო დაბეგვრა საქართველოში
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვების პროცესის, ასევე, კრიტერიუმებისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც აუცილებელია IC-ის მიერ შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისათვის.
საერთაშორისო IT კომპანიების დაბეგვრა და საგადასახადო შეღავათები — სამართლებრივი საფუძველი
საერთაშორისო IT კომპანიების დაბეგვრა საქართველოში შემდეგი ნორმატიული აქტებით რეგულირდება:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №619 — „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, ნებადართული საქმიანობების დადგენისა და გარკვეული ხარჯების სიის დამტკიცების შესახებ“;
- ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996.
შენიშვნა: VZP-გან განსხვავებით, ამ ეტაპისთვის საერთაშორისო კომპანიის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითება არ არსებობს, თუმცა, სავარაუდოა, რომ ასეთი მეთოდური მითითება ახლო მომავალში გამოიცემა, რითაც, (დიდი იმედი გვაქვს), დარეგულირდება კანონში მოცემული, საერთაშორისო კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული ინტერპრეტირებადი საკითხები.
რომელი IT სერვისები ექვემდებარება საქართველოში საერთაშორისო კომპანიის საგადასახადო შეღავათებს
საქართველოს მთავრობის დადგენილება №619 განსაზღვრავს იმ IT საქმიანობების დეტალურ და საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო IT კომპანიის (IC) სტატუსის ქვეშ და რომლისგან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საგადასახადო შეღავათს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს საქმიანობების ასეთივე ვრცელი ჩამონათვალი ვირტუალური ზონის პირის სტატუსისთვის და VZP სტატუსისთვის დაწესებული შეღავათი IT საქმიანობების ბევრად უფრო შეზღუდულ ჩამონათვალზე ვრცელდება.
საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი მოთხოვნები
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად, IT კომპანიამ უნდა დაადასტუროს შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
- უცხოურ კლიენტებს უნდა უწევდეს შესაბამის IT მომსახურებას;
- უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შესაბამის IT მომსახურებებში. ალტერნატიულად, მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უცხოური კომპანია (ან საქართველოს ფილიალის შემთხვევაში – უცხოური სათავო ოფისი) ფლობს შესაბამის ორწლიან გამოცდილებას;
- უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები, რომლებიც წელიწადის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ფიზიკურად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ თუ საერთაშორისო IT კომპანია შემოსავალს პროგრამული ლიცენზირებით იღებს, კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავს, შეღავათის გასავრცელებლად პროგრამა საქართველოში შექმნილი უნდა იყოს თუ არა. ეს საკითხი ინტერპრეტაციის საგნად რჩება. ასევე, კანონში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ნებადართული IT საქმიანობა მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში უნდა იყოს განხორციელებული, გარკვეულ კითხვებს აჩენს პროგრამის ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით.
ვირტუალური ზონის IT კომპანია VS საერთაშორისო IT კომპანიის საგადასახადო უპირატესობები საქართველოში — შეჯამება
ვირტუალური ზონის პირი (VZP) და საერთაშორისო IT კომპანია (IC) წარმოადგენს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროსთვის შექმნილ ორ განსხვავებულ, თუმცა, მიზნობრივად ერთნაირად მხარდაჭერილ საგადასახადო რეჟიმს. ორივე მათგანი მიზნად ისახავს საქართველოში IT სფეროს განვითარებას, IT ბიზნესების წახალისებასა და ქვეყანაში მოზიდვას, თუმცა, განსხვავდებიან კვალიფიკაციის მოთხოვნებით, განაცხადის სირთულითა და საგადასახადო შეღავათების მოცულობით.
VZP სტატუსის მიღება და შენარჩუნება შედარებით მარტივია, რაც მას განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდის ინდივიდუალური პროგრამისტებისა და მცირე IT ბიზნესებისთვის — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის საქმიანობა პროგრამირებაა და მიზნად არ ისახავს საქართველოში თანამშრომელთა ნაწილობრივ ან სრულ რელოკაციას.
მეორეს მხრივ, საერთაშორისო კომპანიის (IC) რეჟიმი უზრუნველყოფს უფრო ფართო და ხელსაყრელ საგადასახადო შეღავათებს, ვრცელდება უფრო მეტი ტიპის IT მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუმცა, მოიცავს უფრო მკაცრ მოთხოვნებს. ორი მთავარი პირობაა:
- მინიმუმ ორწლიანი გამოცდილების დადასტურება შესაბამის IT მომსახურებების მიწოდებაში (სტატუსის მიღებისთვის);
- თანამშრომელთა ფიზიკურად საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უზრუნველყოფა (სტატუსის შენარჩუნებისთვის).
ეს რეჟიმი, როგორც წესი, განკუთვნილია უფრო დიდი IT კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ საქართველოში ან გეგმავენ საქართველოში რელოკაციას (მათ შორის არსებულ თანამშრომელთა ფიზიკურ რელოკაციას ან/და ახალი თანამშრომლების საქართველოში დაქირავებას).
ინდივიდუალური პროგრამისტებისთვის VZP სტატუსი ან „მცირე ბიზნესის“ რეჟიმი (რომელიც ითვალისწინებს 1%-იან საშემოსავლო გადასახადს) შეიძლება ყველაზე ხელსაყრელი იყოს.
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვირტუალური ზონის პირის ან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება ერთ-ერთი აუცილებელი, თუმცა, არა ერთადერთი წინაპირობაა იმისთვის, რომ დაწესებული საგადასახადო შეღავათით ისარგებლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, VZP-ის ან IC-ს სერტიფიკატის ქონა არ არის იმის გარანტია, რომ თუ დაწესებულ წინაპირობებს არ დააკმაყოფილებთ, საგადასახადო ორგანო არ მოგედავებათ შეღავათით სარგებლობის ნაწილში.
კონკრეტული კომპანიის „ქეისი“, რომელიც სარგებლობს ან აპირებს ისარგებლოს ვირტუალური ზონის პირის ან საერთაშორისო კომპანიის სტატუსით, ინდივიდუალურად — კვალიფიციურ საგადასახადო ექსპერტთან კონსულტაციის შედეგად უნდა შეფასდეს (ზოგჯერ მცირე ნიუანსსაც მნიშვნელობა აქვს) და ამის შემდეგ უნდა იქნას გამოტანილი დასკვნა იმის თაობაზე, თუ რომელი საგადასახადო რეჟიმია ყველაზე ხელსაყრელი IT კომპანიისთვის, თუ ინდივიდუალური პროგრამისტისთვის და რა უნდა გაკეთდეს საგადასახადო რისკის გამოწვევის გარეშე შეღავათებით სარგებლობისთვის.
შენიშვნა – სტატიაში წარმოდგენლი ინფორმაცია შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ავტორისეულ ინტერპრეტაციაზე და მის პრაქტიკაზეა დაფუძნებული. სტატია არ წარმოადგენს კონსულტაციას.
ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი არის საგადასახადო ექსპერტი, სპეციალიზებული საერთაშორისო IT კომპანიის და ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრის მიმართულებაში. გელა საბუღალტრო საკონსულტაციო კომპანია „თიფი სოლუშენის“ დამფუძნებელია. კომპანია „TPsolution“ დაინტერესებულ IT კომპანიებს და ინდივიდუალურ პროგრამისტებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიისა და ვირტუალური ზონის პირის, ასევე, „მცირე ბიზნესის“ სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, საგადასახადო კონსულტაციას და სხვა პროფესიონალურ სერვისებს.
სტატიის ორიგინალი განთავსებულია bm.ge-ზე
