როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგადასახადო ორგანოსგან შემდეგი შინაარსის წერილს მიიღებთ: „გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე და 129-ე მუხლების თანახმად, 30 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოთ X-X წლების საანგარიშო პერიოდის კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“ ?
რა არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება (იგივე, ტრანსფერ ფრაისინგი ან სატრანსფერო ფასწარმოქმნა)?
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება, იგივე ტრანსფერ ფრაისინგი ან სატრანსფერო ფასწარმოქმნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საგადასახადო საკითხი და ეხება ქართულ კომპანიებს, რომლებიც ბიზნეს ოპერაციებს ახორციელებენ უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ან/და ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან მიუხედავად ურთიერთდამოკიდებულებისა (შემდგომში კონტროლირებული ოპერაციები).
ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობის და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაწესების იდეა არის ის, რომ საქართველოდან ოფშორში ან/და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არ მოხდეს თანხების დაუბეგრავად, ფასებით სპეკულაციის გზით გადინება. მსგავსი კანონმდებლობა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში არსებობს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობა საბაზრო ფასის გამოყენების ვალდებულებას აწესებს იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც კონტროლირებულ ოპერაციებს ახორციელებენ.
კომპანიების მიერ საბაზრო ფასის გამოყენების დადასტურება უნდა მოხდეს სპეციალური, კანონით დადგენილი დოკუმენტაციის შექმნით და მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში წარდგენით. ასეთ დოკუმენტაციას ტრანსფერ ფრაისინგის, იგივე სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია (დასკვნა, რეპორტი) ჰქვია. ოფიციალური ტერმინია: საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
სწორედ ამ დოკუმენტაციას ითხოვს საგადასახადო ორგანო, როდესაც გამოგზავნილ წერილში საგადასახადო კოდექსის 70-ე და 129-ე მუხლებს უთითებს და მისი წარმოდგენისთვის 30 დღეს გაძლევთ.
ტრანსფერ ფრაისინგზე, უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს სხვა სტატიაში, აქ
რა არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (იგივე ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია)?
ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადების ვალდებულება აქვს ყველა ქართულ საწარმოს, რომელიც ახორციელებს კონტროლირებულ ოპერაციებს (ყოველ წელს ან გამონაკლის შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ). საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა, რაც მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. თუმცა, კანონის მიხედვით, ასეთი დოკუმენტაცია მოთხოვნამდეც შედგენილი უნდა იქნას.
ფინანსთა მინისტრის ბრძანება #423 (ციტირება):
„მუხლი 17. ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კომპანიის მიმართ წარმოდგენილ იქნას განმარტება იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როცა:
ა) საქართველოს საწარმოს მომზადებული აქვს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამ მუხლის შესაბამისად და
ბ) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“
ამ დოკუმენტაციით, ქართული კომპანია კანონით გაწერილი მეთოდებით ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებულ კონტროლირებულ ოპერაციებზე დაწესებული ფასი საბაზრო პრინციპებთან შესაბამისია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მიხედვით, კომპანიამ საგადასახადო ორგანოს უნდა დაუმტკიცოს, რომ მოგების გადინება საქართველოდან უცხოეთში დაუბეგრავად არ მომხდარა (მაგალითად, ქართული კომპანიის მიერ უცხოური ურთიერთდამოკიდებული პირისგან ან ოფშორული კომპანიისგან საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას, საბაზრო ფასზე მაღალი ფასის გადახდის გზით ან უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ პირზე ან ოფშორულ კომპანიაზე საქონლის ან მომსახურების გაყიდვისას, საბაზრო ფასზე დაბალი ფასის დაწესების გზით).
ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტის კვალიფიკაციის დონე უმნიშვნელოვანესია
საბაზრო ფასის გამოყენების დადასტურება დოკუმენტაციით გაწერილი მეთოდებით და წესებით ხდება. ამ წესების ზედმიწევნით ცოდნა კი აუცილებელია (თუმცა, არასაკმარისი). მაგალითად, ტრანსფერ ფრაისინგის მეთოდები იერარქიული ხასიათისაა. ამიტომ, თუ, პირობითად, ტრანსფერ ფრაისინგის მე-4 მეთოდს გამოვიყენებთ, უნდა დავასაბუთოთ წინა 3 მეთოდის უარყოფის მიზეზები (ტრანსფერ ფრაისინგის სულ 5 მეთოდი არსებობს).
მეთოდის არჩევანის დასაბუთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან, პრაქტიკაში ძალიან ხშირად ხდება, როცა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შედეგები დგება. მაგალითად, ერთი მეთოდით საბაზრო ფასების გამოყენება დასტურდება, მეორე მეთოდით კი პირიქით-საბაზრო პრინციპებთან შეუსაბამობა.
ასევე, მეორე, მესამე და მეოთხე მეთოდების არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ტრანზაქციის რომელი მხარის (ქართული თუ უცხოური კომპანიის) მომგებიანობა შემოწმდება საბაზრო ფასების დასადგენად. ამ არჩევანის გაკეთებასაც მნიშვნელოვანი დასაბუთება სჭირდება, განსაკუთრებით არაორდინალური ,,ქეისების“ დროს.
ამას გარდა, ბევრ შემთხვევაში, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის შემდგენმა სპეციალისტმა დოკუმენტაციის შედგენისას გადაწყვეტილება იმ საკითხებზეც უნდა მიიღოს, რომელიც კანონში გაწერილი არ არის. იმისთვის, რომ ასეთი საკითხები სწორად და კომპანიისთვის სასარგებლოდ გადაწყდეს, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტმა არა მხოლოდ კანონმდებლობა იცოდეს ზედმიწევნით, არამედ საგადასახადო ორგანოში დამკვიდრებულ პრაქტიკასაც კარგად უნდა იცნობდეს (რათა შეეძლოს თავის ჩაყენება საგადასახადო ორგანოს პოზიციაში, იმისთვის, რომ საგადასახადოს მიერ პოტენციურად დანახული რისკების წინასწარ განჭვრეტა და თავიდან არიდება მოხერხდეს), ასევე ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის შემდგენელს საკითხის არსში სიღრმისეულად ჩაწვდომა უნდა შეეძლოს, რათა დოკუმენტაციის შედგენის ყველა ეტაპზე შეძლოს ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება. მით უფრო, რომ ტრანსფერ ფრაისინგის ძალიან ბევრი საკითხი ითხოვს სუბიექტურ-ლოგიკურ გადაწყვეტას, რისთვისაც სწორი და სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ ქართული კომპანია, რომელიც ბიზნეს ოპერაციებს ურთიერთდამოკიდებულ უცხოურ კომპანიასთან ან ოფშორულ კომპანიასთან ახორციელებს (ასეთ ოპერაციებს კონტროლირებული ოპერაციები ჰქვია), მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ე.წ. „ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნა“ და ამით დაამტკიცოს, რომ მის მიერ კონტროლირებულ ოპერაციაზე დაწესებული ფასები საბაზრო იყო.
სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის არ წარდგენის შედეგები
ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის არ წარდგენის შემთხვევაში, თავდაპირველად 400, შემდეგ კი 1000 ლარიანი ჯარიმის გარდა, მტკიცების ტვირთი საგადასახადო ორგანოდან კომპანიაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს გარკვეულწილად ეძლევა თავისუფლება იმ მეთოდებით ჩაატაროს შემოწმება, რასაც თავად მიიჩნევს მართებულად, კომპანიიდან არგუმენტაციის მოსმენის გარეშე (რაც ხშირად კომპანიისთვის დამატებით გადასახადების დარიცხვას იწვევს). კომპანიას კი, თავის მხრივ, იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ საგადასახადო ორგანოს მიდგომა არასწორია.
ამის შემდეგ (მაგალითად, საგადასახადო დავის პროცესში), კომპანიამ მაინც უნდა მოამზადოს და წარადგინოს თავის ალტერნატიული ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნა და თავისი მეთოდებით დაამტკიცოს, რატომ არის საბაზრო ფასები გამოყენებული მის მიერ კონტროლირებულ ტრანზაქციებზე. (ანუ, დოკუმენტაციის მომზადება კომპანიას მაინც მოუწევს, ოღონდ თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების აქტი უკვე შედგენილია და დამატებითი გადასახადები დაკისრებული, ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნას შედარებით ნაკლები სარგებელი ექნება).
საპირისპიროდ, ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მოთხოვნიდან, საგადასახადო ორგანოსთვის მისი 30 დღეში წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი რჩება საგადასახადო ორგანოს, რაც ბევრად უკეთეს პოზიციაში აყენებს კომპანიას, რათა დაასაბუთოს კონტროლირებული ტრანზაქციების საბაზრო ფასებით განხორციელება.
ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულების გარდა, ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადება, შესაძლოა, ფინანსური აუდიტის მიზნებისთვისაც დაგჭირდეთ.
რა საგადასახადო რისკებთანაა დაკავშირებული ტრანსფერ ფრაისინგის ვალდებულებების შეუსრულებლობა?
თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებულ კონტროლირებულ ოპერაციებზე დაწესებული ფასი არ არის საბაზრო, მაშინ საბაზრო ფასსა და ოპერაციაზე თქვენს მიერ დაწესებულ ფაქტობრივ ფასს შორის სხვაობა მოგების გადასახადით დაიბეგრება, იმის მიუხედავად, თქვენმა კომპანიამ გაანაწილა მოგება, თუ არა.
მაგალითად, დავუშვათ, რომ თქვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს უცხოური ,,დედა“ კომპანიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მომსახურების გაწევა. საგადასახადო ორგანომ შეგამოწმათ და გამოიყენა ტრანსფერ ფრაისინგის მეოთხე- ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი და „გატესტა“ თქვენი კომპანიის წმინდა საოპერაციო მარჟა, რომელიც არ „ჩაჯდა“ შერჩეული შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების წმინდა საოპერაციო მარჟებისგან შემდგარ ინტერკვარტალურ დიაპაზონში (მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ: თქვენი კომპანიის წმინდა საოპერაციო მარჟა უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა დამოუკიდებელი მსგავსი კომპანიების წმინდა საოპერაციო მარჟების ყველაზე მცირე მაჩვენებელი).
დავუშვათ, რომ ინტერკვარტალური დიაპაზონის მედიანაა (დიაპაზონის შუა მონაცემი) 12%, ხოლო თქვენი კომპანიის წმინდა საოპერაციო მარჟაა 2%. ასევე დავუშვათ, რომ თქვენი კომპანიის მიერ კონტროლირებული ოპერაციიდან მიღებული საოპერაციო შემოსავალია 30 მილიონი ლარი, საოპერაციო ხარჯების ჯამია 29 411 764 ლარი, წმინდა საოპერაციო მოგებამ კი 588 235 ლარი შეადგინა (ხარჯებზე დაფუძნებული წმინდა საოპერაციო მარჟა: 588235/29 411 764=2%).
ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო დაუშვებს, რომ, დედა კომპანიისთვის საბაზრო ფასებით მიგეწოდებინათ მომსახურება, 12%-იანი წმინდა საოპერაციო მარჟა უნდა დაგრჩენოდათ. ამ შემთხვევაში კი, თქვენ 30 მილიონის ნაცვლად, 32 941 176 ლარის შემოსავალს მიიღებდით. შესაბამისად, თქვენი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასსა და თქვენს გაცხადებულ ფასს შორის სხვაობაა 2 941 175, რომელიც „აიგროსება“ (0.85-ზე გაყოფით) და 3 460 207 ლარზე კომპანიას დამატებით დაერიცხება მოგების გადასახადი 519 031 ლარი, და შესაბამისი ჯარიმა (სავარაუდოდ 259 516 ლარი) და საურავი.
ასევე, ვერ გამოვრიცხავთ ზემოთ მოცემული ციფრის დამატებით 5%-იანი გადასახადით დაბეგვრის რისკსაც.
როგორც ხედავთ, ტრანსფერ ფრაისინგის საკითხისთვის ყურადღების მიუქცევლობამ შესაძლოა თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკები გამოიწვიოს.
შემთხვევები, როდესაც ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადება აუცილებელი არ არის
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგჯერ ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადება არ არის გამართლებული ბიზნეს გადაწყვეტილება და სჯობს, რომ ასეთი სერვისი არ მიიღოთ. ასეთი შემთხვევაა, მაგალითად, როცა კონტროლირებული ოპერაციების თანხის მთლიანი ოდენობა იმდენად მცირეა, საგადასახადო ორგანომ დასკვნის გარეშე რომც დაგაკისროთ დამატებითი გადასახადები და სანქციები, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადების სერვისში გადახდილი თანხები შესაძლოა მაინც მიღებული სარგებლის არაპროპორციული იყოს.
ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტს მიმართოთ, არა დოკუმენტაციის მომზადების, არამედ საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციაში მხარდაჭერის/წარმომადგენლობის სერვისისთვის, რაც თქვენთვის ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნის მთავარი სარგებელი კომპანიებისთვის
გირჩევთ, რომ ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნა არასდროს მოამზადოთ ვალდებულების მხოლოდ ფორმალურად შესრულებისთვის. მაგალითად, როდესაც საბაზრო ფასები არ გაქვთ გამოყენებული და მათი გამოყენების დასაბუთებას მაინც ცდილობთ ნაკლებლოგიკური მეთოდებით.
თუ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია სუბიექტურად და ამავე დროს ძლიერი არგუმენტების გარეშე მომზადდება და ამის მთავარი მიზანი კომპანიის სუსტი არგუმენტებით „გამართლება“იქნება, ასეთი დოკუმენტაცია არა თუ სარგებელს არ მოიტანს კომპანიისთვის, არამედ, შეიძლება, პირიქით, დაგაზიანოთ კიდეც, რადგან საგადასახადი ორგანოსთვის ეს დოკუმენტაცია არ წარმოადგენს ისეთ „ხელშეუხებელ“ დოკუმენტს, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეყრდნონ და განსჯის გარეშე მიიღონ.
თუ საგადასახადო ორგანო კერძო ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში და ასახულ მიდგომებში აშკარა ხარვეზებს იპოვის (მაგალითად, მეთოდის არჩევა, შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების არჩევა, ,,გასატესტი“ მხარის არჩევა, მოგების მაჩვენებლის დონის არჩევა, ფუნქციურად არამსგავსი შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების არჩევა და სხვა უამრავ ეტაპზე შეიძლება იქნას დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომა), საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დამოუკიდებელ კვლევას მაინც მოამზადებს და დიდი ალბათობით, კომპანიას დამატებითი გადასახადები და სანქციები მაინც დაეკისრება.
გამოცდილებიდან გამომდინარე, რეალურად, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია კომპანიებისთვის სასარგებლოა შემდეგი მიზეზების გამო:
მტკიცების ტვირთის საგადასახადო ორგანოზე გადატანა უმნიშვნელოვანესი სარგებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი და ლოგიკამოკლებული დასკვნაც მსგავს სარგებელს იძლევა.
ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადების დროს, გამოცდილი სპეციალისტი აფასებს კომპანიის რისკებს და მანამ აღმოფხვრის მათ, სანამ საგადასახადო ორგანო შემოწმებას განახორციელებს;
ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადებისას, იმის გარდა, რომ ყველა ეტაპი დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს, ტრანსფერ ფრაისინგის კონსულტანტმა საკუთარი თავი საგადასახადო ორგანოს პოზიციაში უნდა ჩააყენოს და ის რისკები განსაზღვროს თუ აღმოფხვრას, რომელსაც სადაგადასახადო ორგანო დაინახავდა. ერთია, თავად რა მიგაჩნია სწორად, ხოლო მეორეა-იცოდე, როგორ დაინახავს საკითხს საგადასახადო ორგანო და წინასწარ გაითვალისწინო ეს.
უარეს შემთხვევაში, თუ მაინც დავუშვებთ, რომ ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტმა დასკვნის მომზადების დროს აღმოაჩინა, რომ კონტროლირებულ ოპერაციებზე ფასები საბაზრო პირობებს არ შეესაბამება და ერთადერთი გამოსავალი ფასების კორექტირება (მაგალითად, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის ,,დებიტ ნოტას“ გაგზავნის გზით) ან გადასახადების გადახდაა, ასეთ შემთხვევაშიც კი კომპანიას ბევრად ნაკლები საგადასახადო ხარჯი აქვს, ვიდრე მაშინ ექნებოდა, თუ ამ გადასახადებს საგადასახადო ორგანო დააკისრებდა.
გამოცდილ კონსულტანტს შეუძლია თქვენი ფასების საბაზროსთან შესაბამისობა უმცირესი დანახარჯებით უზრუნველყოს, რაც ნამდვილად არ არის საგადასახადო ორგანოს მოტივაცია.
დამატებით, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადების საჭიროებას არა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებები განაპირობებს, არამედ ასეთი დოკუმენტაციის მომზადება ფინანსური აუდიტის მიზნებისთვისაც შესაძლოა დაგჭირდეთ.
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების სერვისი
კომპანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას, კერძოდ:
- წინარე კონსულტაცია (საკითხის ზოგადი მიმოხილვა, პოტენციური რისკების იდენტიფიცირება);
- კონტროლირებული ტრანზაქცი(ებ)ის დეტალური ანალიზი (ფუნქციური და რისკების ანალიზი, ტრანზაქციის დროს გამოყენებული აქტივების იდენტიფიცირება);
- ყველაზე შესაბამისი ტრანსფერ ფრაისინგის მეთოდის არჩევა და ამ არჩევანის დასაბუთება;
- ,,გასატესტი“ მხარის არჩევა და ამ არჩევანის დასაბუთება;
- გარე, შესადარებელი კომპანიების ძიების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზებიდან ( პროგრამა TP Catalyst, ან ფინანსური ოპერაციებისთვის პროგრამა Bloomberg) შესაბამისი კრიტერიუმების მითითებით მონაცემების გადმოწერა, მათი დამუშავება და შედეგად, შესადარებელ დამოუკიდებელ კომპანიათაგან შედგენილი სრული და ინტერკვარტალური დიაპაზონების მიღება (Benchmarking Study Report). აღსანიშნავია, რომ კომპანია „თიფი სოლუშენს“ წვდომა აქვს მონაცემთან ბაზა TP Catalyst-ზე, რომელიც ტრანსფერ ფრაისინგის კვლევებისთვის მასიურად გამოიყენება ევროპის მასშტაბით და საქართველოს საგადასახადო ორგანოც იყენებს.
დამატებით, ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებულ შემდეგი სახის მომსახურებებს:
- ტრანსფერ ფრაისინგის პოლიტიკის ჩამოყალიბების სერვისი;
- მიმდინარე კონსულტაციები ტრანსფერ ფრაისინგის და საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებით;
- მხარდაჭერა და წარმომადგენლობა საგადასახადო შემოწმების პროცესში;
- წარმომადგენლობა და მხარდაჭერა საგადასახადო დავის პროცესში.
ჩვენი კლიენტებისთვის ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის შედგენაში, ჩვენი მმართველი პარტნიორი გელა ბარშოვი პირადად, აქტიურად იღებს მონაწილეობას. ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით გელას 12 წლიანი გამოცდილება (ჯამში საგადასახადო სფეროში კი მისი 14 წლიანი გამოცდილება) ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული სერვისის უმაღლესი ხარისხის განმაპირობებელია. ამასთან, ჩვენს მიერ ჩადებული ძალისხმევის დონე ტრანსფერ ფრაისინგის თოთოეული დასკვნის მომზადების პორცესში ჩვეულებრივზე ბევრად მაღალია და ამასთან ერთად ჩვენ საკმაოდ კონკურენტულ ფასებს ვინარჩუნებთ.
თიფი სოლუშენის მიერ შემოთავაზებული სერვისის მახასიათებლები რომ შევაჯამოთ:
- ყველაზე მეტი გამოცდილება;
- ყველაზე მეტი ჩადებული ძალისხმევა და დახარჯული დრო;
- ყველაზე ნაკლები ფასები.
30 წუთიანი უფასო კონსულტაცია ტრანსფერ ფრაისინგის მიმდინარე ,,ქეისთან“ დაკავშირებით
„თიფი სოლუშენი“ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, კომპანიებს 30 წუთიან პირველად უფასო კონსულტაციის ფარგლებში სთავაზობს მათი კონკრეტული ქეის(ებ)ის პირველად ანალიზს.
კონსულტაციის ფარგლებში, იკვეთება კონკრეტული შემთხვევის მახასიათებლები, პოტენციური საგადასახადო რისკები, დოკუმენტაციის შედგენის სირთულის დონე და კომპანიისთვის ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის სარგებლიანობა.
30 წუთიანი უფასო კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ გამოგიგზავნით სერვისის შემოთავაზებას ან შესაძლოა ერთად იმ დასკვნამდეც კი მივიდეთ, რომ თქვენს კომპანიას არ ესაჭიროება ასეთი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ხარჯების გაწევა, მიუხედავად კონტროლირებული ტრანზაქციების არსებობისა.
კომპანია თიფი სოლუშენის საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა: info@tpsolution.ge
ვებგვერდის საკონტაქტო ფორმა: https://tpsolution.ge/ka/contact-2/
საკონტაქტო ტელეფონი: +995 595313001