საგადასახადო შემოწმების ჩატარება შემოსავლების სამსახურის მიერ
პირველ რიგში, დავიწყებთ იმით, თუ რა ტიპის საგადასახადო შემოწმება შეიძლება ჩატარდეს თქვენს კომპანიაში (სტატიაში სიტყვა „კომპანიის“ ქვეშ შეიძლება ისეთი სამართლებრივი ფორმებიც იგულისხმებოდეს, როგორიცაა: უცხოური კომპანიის ფილიალი/მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია, ინდ. მეწარმე ან ფიზკური პირიც კი) .
შეიძლება გამოვყოთ ორი სახის საგადასახადო შემოწმება: „ოფიციალური“ და „არაოფიციალური“ .
პირობითად, „ოფიციალურად“ მოვიხსენიებ შემოწმებას, როდესაც შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე გამოცემულია საგადასახადო შემოწმების ბრძანება, შემოწმების დასრულების შემდეგ კი გამოიცემა საგადასახადო შემოწმების აქტი.
ასეთი შემოწმება შეიძლება იყოს გასვლითი (როდესაც შემმოწმებლები ადგილზე მოდიან თქვენი კომპანიის ოფისში და იქ ახორციელებენ შემოწმებას) ან კამერალური (როდესაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები გამოითხოვენ დოკუმენტებს/ინფორმაციას, ადგილზე, თქვენი კომპანიის ოფისში არ უწევთ მოსვლა და შემოწმებას თავიანთი მისამართიდან ახორციელებენ).
საგადასახადო შემოწმების სახეები
ზემოთ აღნიშნული გასვლითი ან კამერალური საგადასახადო შემოწმების სახეები შესაძლოა დამატებით კიდევ დაიყოს როგორც – თემატური ან სრული საგადასახადო შემოწმებები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
სრული საგადასახადო შემოწმება
სრული საგადასახადო შემოწმება ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოწმდება ყველა გადასახადი თუ გადასახდელი, რომლის ვალდებულებაც შესაძლოა თქვენს კომპანიას დაეკისროს და რომლის ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა.
ნებისმიერი შემოწმება ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებს, რომელიც 3 წელიწადს მოიცავს. მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში დაწყებული სრული შემოწმების დროს, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაში მხოლოდ კომპანიის 2020 წლის პირველი იანვრის შემდგომი საქმიანობის საგადასახადო შემოწმება შედის. 2024 წლის იანვრიდან დაწყებული შემოწმებები კი მხოლოდ 2021 წლის იანვრიდან მოყოლებულ პერიოდს შეიძლება შეეხოს, რადგან, 2020 წელი უკვე ხანდაზმულობის ვადის მიღმა ექცევა (გაითვალისწინეთ, რომ გამონაკლისები აქაც არსებობს).
სრული შემოწმების დასრულების შემდგომ, გამოიცემა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმებული პერიოდი/საკითხი ე.წ. „ჩახურულ“ პერიოდად/საკითხად ჩაითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ბრძანების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლება აღარ აქვს კომპანიაში ეს პერიოდი კიდევ ერთხელ შეამოწმოს.
მეორეს მხრივ, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს შეწყვიტოს საგადასახადო შემოწმება ან შეცვალოს შემოწმების მასშტაბი (მაგალითად სრული საგადასახადო შემოწმება შეიცვალოს თემატური საგადასახადო შემოწმებით). საგადასახადო შემოწმების შეწყვეტა, როგორც წესი, ხდება მაშინ, როდესაც შემოწმების პროცესში დგინდება, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ მოხდება. საგადასახადო შემოწმების შეწყვეტის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტი არ გამოიცემა და შესამოწმებელი პერიოდი „ჩახურულ პერიოდად“ არ ჩაითვლება.
თემატური საგადასახადო შემოწმება
თემატური საგადასახადო შემოწმება ნიშნავს შემოსავლების სამსახურის მიერ კონკრეტული გადასახადის, ტრანზაქციის ან საკითხის შემოწმებას.
თემატური შემოწმების მაგალითებია: შემოწმება „ტრანსფერ ფრაისინგის“ საკითხებზე, გარკვეული პერიოდის დღგ-ის შემოწმება, ერთი ან რამდენიმე კონკრეტული დღგ-ის დეკლარაციის შემოწმება, ერთი ან რამდენიმე კონკრეტული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის საკითხის შემოწმება, კონკრეტული ტრანზაქციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შემოწმება (მაგალითად, კომპანიის მიერ წილის რეალიზაცია) და ა.შ.
თემატური შემოწმების დასრულების შემდეგ, სრული პერიოდი არ ითვლება „ჩახურულად“, რადგან, შემოწმება მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემას ეხებოდა.
ძირითადად, ასეთ ე.წ. „ოფიციალურ“ საგადასახადო შემოწმებებს ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი (სადაც ,,თიფი-სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი და საგადასახადო კონსულტანტი გელა ბარშოვი დაახლოებით 8 წლის მანძილზე მთავარი აუდიტორის (შემმოწმებლის) პოზიციაზე მუშაობდა).
ე.წ. „არაოფიციალურ“ საგადასახადო შემოწმებაში იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საგადასახდო შემოწმების ბრძანება გამოცემული არ არის, მაგრამ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი გიკავშირდებათ, გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენას გთხოვთ და ამ დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საგადასახადო რისკების შეფასებას.
ინფორმაციის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე
ე.წ. „არაოფიციალური“ შემოწმების დროსაც, ინფორმაციის/დოკუმენტების მოთხოვნა შესაძლოა მოხდეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ოფიციალური წერილის საფუძველზე ან უბრალოდ სიტყვიერად. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, კომპანია ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ოფიციალურად მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისთვის, წესისამებრ, გეძლევათ 5 სამუშაო ან კალენდარული დღის ვადა. არ წარდგენის შემთხვევაში, დაგეკისრებათ ჯარიმა 400 ლარის, განმეორებით შემთხვევებზე კი – 1000 ლარის ოდენობით.
გაითვალისწინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, 5 დღიანი ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია. ამისთვის წერილობით უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს და დაასაბუთოთ, რატომ გჭირდებათ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ვადის გახანგრძლივება და რამდენი ხნით.
ინფორმაციის ოფიციალურად მოთხოვნა, ავტომატურად მაინც არ ნიშნავს ე.წ. „ოფიციალურ“ შემოწმებას. ამით შემმოწმებელი პირველ რიგში იმას ამოწმებს, რამდენად რისკის შემცვლელია თქვენი კომპანიის საქმიანობა. ანუ, „არაოფიციალური“ შემოწმების მიზანია წინასწარი ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს კომპანიის რისკები და ისეთი საკითხები გამოიკვეთოს, რომლებმაც შესაძლოა პოტენციურად გამოიწვიოს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება თქვენს კომპანიაზე.
თუ ასეთი წინასწარი კვლევისას, შემოსავლების სამსახურის აუდიტორი/ინსპექტორი/სპეციალისტი აღმოაჩენს რისკებს/საკითხს, რომელიც თქვენს კომპანიაზე დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას იწვევს, ის გაძლევთ რეკომენდაციას, რომ თავად მოახდინოთ წარსული პერიოდის დეკლარაცი(ებ)ის დაზუსტება და დამატებით გადაიხადოთ გადასახადი. თუ თქვენ ამ რეკომენდაციას არ დასთანხმდებით, არ დააზუსტებთ დეკლარაციებს და ვერც დამარწმუნებელ საპირისპირო არგუმენტაციას წარუდგენთ შემოსავლების სამსახურს, სავარაუდოდ, ე.წ. „არაოფიციალური“ შემოწმება „ოფიციალურ“ შემოწმებაში გადაიზარდება, რომლის შედეგადაც თქვენი კომპანიის მიმართ ოფიციალურად გამოიცემა სრული ან თემატური საგადასახადო შემოწმების ბრძანება, რასაც, სავარაუდოდ, საგადასახადო ვალდებულებებისა და სანქციების დაკისრებაც მოჰყვება.
ასე რომ, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო რეკომენდაციას გაძლევთ დამატებით გადაიხადოთ გადასახადი, ან რეკომენდაციის შესაბამისად უნდა დააზუსტოთ წარსული პერიოდის დეკლარაცია/დეკლარაციები და გადაიხადოთ დამატებით გადასახადი (ამ შემთხვევაში ჯარიმა არ დაგეკისრებათ, თუმცა დამატებითი გადასახადის და საურავის გადახდა მოგიწევთ) ან პირდაპირ მოემზადოთ საგადასახადო დავისთვის.
გირჩევთ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე (კერძოდ, გაითვალისწინოთ შემოსავლების სამსახურის რეკომენდაცია და თავად დააზუსტოთ წარსული პერიოდის დეკლარაციები და გადაიხადოთ გადასახადი, თუ მოემზადოთ შემოწმებისთვის, შემდეგ კი საგადასახადო დავისთვის) კონსულტაცია გაიაროთ საგადასახადო საკითხების სპეციალისტთან, რომელიც შეაფასებს რისკებს, ასევე -თქვენი კომპანიის გამარჯვების შანსებს, პოტენციური საგადასახადო დავის შემთხვევაში.
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების, იგივე „ტრანსფერ ფრაისინგის“, იგივე სატრანსფერო ფასწარმოქმნის საკითხის შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ
,,ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებით შემოწმება საკმაოდ სპეციფიკურია და ის თქვენი მხრიდან აუცილებლად მოითხოვს არა უბრალოდ საგადასახდო კონსულტანტის ან იურისტის, არამედ, კონკრეტულად, ,,ტრანსფერ ფრაისინგის“ სპეციალისტის საქმეში ჩართვას (საქართველოში საგადასახადო კონსულტანტების/იურიტების მხოლოდ უმცირესი ნაწილია „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებაში სპეციალიზებული).
შემოწმება ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებითაც შეიძლება იყოს ე.წ. „ოფიციალური“ ან „არაოფიციელური“. ოფიციალური შემოწმებისას, თემატური საგადასახო შემოწმების ბრძანება გამოიცემა და ასევე გეგზავნებათ მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, რომლისათვის, წესისამებრ (კანონითაც განსაზღვრულია ეს ვადა) 30 კალენდარული დღე გეძლევათ.
მოთხოვნილი ინფორმაცია არის „ტრანსფერ ფრაისინგის“ დასკვნა/რეპორტი/დოკუმენტაცია, (როგორც არ უნდა დავარქვათ), სადაც დეტალურად გაწერილი უნდა იყოს:
- თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული კონტროლირებული ტრანზაქცი(ებ)ის მონაწილე მხარეების ფუნქციური და რისკების ანალიზი;
- კომპანიის (ან ჯგუფის) მიერ ჩამოყალიბებული ფასწარმოქმნის პოლიტიკა;
- „ტრანსფერ ფრაისინგის“ ყველაზე შესაბამისი, არჩეული მეთოდი და აღნიშნული მეთოდის შერჩევის დასაბუთება;
- შესამოწმებელი მხარის შერჩევა და არჩევანის შესაბამისი დასაბუთება;
- შერჩეული მოგების მაჩვენებელი (მაგალითად, წმინდა საოპერაციო მოგება შეფარდებული საოპერაციო შემოსავალთან ან მთლიან საოპერაციო ხარჯებთან და ა.შ.) და ასეთი არჩევანის დასაბუთება;
- შესადარებელი კომპანიების ძებნის კრიტერიუმები მონაცემთა ბაზებში;
- ძებნის დროს შერჩეული შესადარებელი კომპანიების სია, ასევე, უარყოფილი არაშესადარებელი კომპანიების სია;
- შესადარებელი კომპანიებისგან შემდგარი მთლიანი დაინტერკვარტალური დიაპაზონები;
- დიაპაზონში არსებულ ციფრებთან თქვენი კომაპანიის (თუ თქვენი კომპანია tested partyარის)ან მისი კონტრაგენტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარება;
- დასკვნის წარმოდგენა იმის შესახებ, თქვენი კომპანიის მიერ კონტროლირებულ ტრანზაციებში საბაზრო ფასები გამოყენებული იქნება თუ არა.
მოკლედ რომ ვთქვათ, სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციით უნდა დაასაბუთოთ, რომ თქვენი კომპანიის მიერ, ურთიერთდამოკდებულ არარეზიდენტ პირთან ან ოფშორულ კომპანიასთან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, გამოყენებული იყო საბაზრო ფასები.
სხვა სიტყვებითაც რომ ავხსნათ ზემოთ ხსენებული, ,,ტრანსფერ ფრაისინგის“ შემოწმების დაწყებისთანავე, თქვენს კომპანიას დაევალება ,,ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის წარდგენა შემოსავლების სამსახურისთვის, მათი მოთხოვნიდან 30 დღეში.
ასეთი დოკუმენტაციის არ წარდგენის არა მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმა დაგეკისრებათ, არამედ უფრო მძიმე შედეგებიც შეიძლება დაგიდგეთ – მტკიცების ტვირთი გადმოვა თქვენს კომპანიაზე, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრების ალბათობას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ კომპანიას ყოველწლიურად მზად ჰქონდეს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია.
ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში და ასეთი მოთხოვნის ოფიცილაურად მიღებამდეც, ანუ, როგორც კი შემოსავლების სამსახურის ,,ტრანსფერ ფრაისინგის“ განყოფილებიდან დაგიკავშირდებიან, მათთან კომუნიკაციაში მნიშვნელოვანია, რომ ჩართოთ ტრანსფერ ფრაისინგის საკითხებში სპეციალიზებული საგადასახადო კონსულტანტი.
„ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებით ე.წ. არაოფიციალური შემოწმება, ზოგადი, არაოფიციალური შემოწმების მსგავსია. გირეკავენ ან გწერენ, გთხოვენ ,,ტრანსფერ ფრაისინგის“ რეპორტს და/ან სხვა, კონტროლირებულ ტრანზაქცოებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე აფასებენ თქვენი კომპანიის რისკებს. შედეგად, პროცესი ან ოფიციალურ შემოწმებაში გადაიზრდება, ან სრულდება შემოწმების დაწყების და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრების გარეშე.
საგადასახადო შემოწმების შედეგები
„ოფიციალური“ საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოიცემა საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც აღნიშნული იქნება თქვენს კომპანიაზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი და ჯარიმა – ჩაშლილი გადასახადების და დარიცხვის თემების მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტი
საგადასახადო შემოწმების აქტში ასევე აღწერილი იქნება ის მიზეზები (დარიცხვის თემა) თუ რატომ დაერიცხა თქვენს კომპანიას დამატებით გადასახადი ან/და სანქცია. საგადასახადო შემოწმების აქტი ასევე შესაძლოა იყოს ნულოვანი (როდესაც დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ განხოციელებულა შემოწმების შედეგად) ან იშვიათად, მაგრამ საგადასახადო შემოწმების აქტი შეიძლება უარყოფითი შედეგითაც გამოიცეს (ანუ, შემოწმების შედეგად, თქვენს კომპანიას თანხა პირიქით დაუბრუნდება ბიუჯეტიდან).
თუ საგადასახადო შემოწმების აქტით, თქვენს კომპანიას დამატებით დაეკისრა საგადასახადო ვალდებულებები, ზემოთ უკვე ნახსენები ძირითადი გადასახადის და ჯარიმის დამატებით, სავარაუდოდ, ასევე დაგერიცხებათ საურავიც (თუ წინა პერიოდებში საკმარისი ოდენობის ზედმეტობა არ გქონდათ ბიუჯეტის მიმართ).
საურავის თანხა არ არის აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტში. საურავი აღნიშნულია თქვენი კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, „საგადასახადო მოთხოვნის“ დოკუმენტში, რომელიც აქტთან და გადასახადის დარიცხვის შესახებ ბრძანებასთან ერთად, შემოწმების დასრულებისთანავე გამოგეგზავნებათ კომპანიის RS.GE-ს გვერდზე.
უარეს შემთხვევაში, ე.წ. „არაოფიციალური“ შემოწმების შედეგად, პროცესი შესაძლოა ფორმალურ შემოწმებაში გადაიზარდოს, რომლის შემდეგაც გამოიცემა საგადასახადო შემოწმების აქტი. უკეთეს შემოთხვევაში კი, არაფორმალური შემოწმება წყდება (როდესაც შემოსავლების სამსახურის აუდიტორი თქვენს კომპანიაში რისკებს ვერ აღმოაჩენს) ამის შესახებ, წესისამებრ, გეცნობებათ ზეპირსიტყვიერად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე, შესაძლოა გამოიცეს „რისკის მიმოხილვის დასკვნა“. არფორმალური შემოწმების შემთხვევაში პერიოდი/თემა „ჩახურულად“ არ ითვლება.
საგადასახადო შემოწმების დასრულების და საგადასახადო აქტის გამოცემის შემდგომი ნაბიჯები
თუ საგადასახადო შემოწმების აქტით თქვენს კომპანიაზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების დაკისრება განხორციელდა, თქვენ გაქვთ მოქმედების რამდენიმე გზა:
- გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (პირველი ინსტანცია: შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი; მეორე ინსტანცია: ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო. ეს არის უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მიერ რეკომენდებული მიდგომა).
- გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება პირდაპირ სასამართლოში.
- არ გაასაჩივროთ და გადაიხადოთ დაკისრებული გადასახადები და სანქციები (გადახდა შესაძლებელია შეთანხმებული გრაფიკითაც).
- არ გაასაჩივროთ და შემოსავლების სამსახურს მიმართოთ საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით.
შესაძლებელია ზემოთ მოცემული რამდენიმე ვარიანტის კომბინირებაც.
წარმომადგენლობა საგადასახადო შემოწმების პროცესში
საგადასახადო შემოწმების პროცესი, წესისამებრ, რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. შემოწმების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას და ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას პასუხი გაეცეს საგადასახადო საკითხებში კვალიფიციური პროფესიონალის მიერ. სხვა შემთხვევაში, უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ თქვენ მიერ გაცემული პასუხები, მიწოდებული დოკუმენტაცია თქვენივე საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის დარიცხვის განხორციელებისას, ისევე როგორც საგადასახადო დავის პროცესში.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კომპანიის მიმართ გადასახადების დარიცხვის რისკი მაშინაც არსებობს, თუ თქვენი კომპანია ცდილობს საკუთარი ნებით, ზედმიწევნით და სრულად გადაიხადოს ყველა მისი საგადასახადო ვალდებულება, რადგან, პირველ რიგში, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა და გარდა ამისა, კომპანიის კეთილსინდისიერების მიუხედავად, მრავალმხრივ ინტერპრეტირებადი საკანონმდებლო ნორმები მაინც განაპიროებს ასეთ რისკებს.
ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ თუ თქვენს კომპანიაში საგადასახადო შემოწმება (ფორმალური ან არაფორმალური) დაიწყება, აღნიშნულ პროცესში ჩართოთ საგადასახადო კონსულტანტი/იურისტი, როგორც თქვენი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი, რათა, შემოსავლების სამსახურს და თქვენს კომპანიას შორის ყველა კომუნიკაცია ხორციელდებოდეს მხოლოდ კვალიფიციური საგადასახადო ექსპერტის გავლით. ამის მიზანია, გამოირიცხოს შემოსავლების სამსახურთან მისკომუნიკაცია ან არაეფექტური კომუნიკაციით გაზრილი, თქვენს კომპანიაზე დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრების რისკები.
საგადასახადო შემოწმების/აუდიტის პროცესში წარმომადგენლობას გთავაზობთ კომპანია თიფი სოლუშენი
როგორც ზემოთ აღინიშნა, საგადასახადო შემოწმება შესაძლებელია დაიწყოს ოფიციალურად, საგადასახადო შემოწმების ბრძანების საფუძველზე ან შემოსავლების სამსახურის მიერ თქვენი კომპანიის გარკვეული საკითხების შემოწმება მოხდეს ასეთი ბრძანების გამოცემის გარეშე. ასეთი შემოწმების მიზანი რისკების შეფასებაა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ თქვენ თავად არ დააზუსტებთ დეკლარაციას/დეკლარაციებს და დამატებით არ გადაიხდით გადასახადებს, თქვენს კომპანიაში უკვე ოფიციალურად დაინიშნება შემოწმება. ოფიციალური შემოწმების შედეგად, გამოიცემა საგადასახდო შემოწმების აქტი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, „ოფიციალური“ თუ „არაოფიციალური“ შემოწმების პროცესში, თქვენი კომპანიის ინტერესებს იცავდეს საგადასადო ექსპერტი (საგადასახადო კონსულტანტი ან საგადასახადო იურისტი), რომლის გავლითაც წარიმართება ყველანაირი კომუნიკაცია საგადასახადო ორგანოსთან.
კვალიფიციური საგადასახადო სპეციალისტის წარმომადგენლობა აგარიდებთ საგადასახადო ორგანოსთან მისკომუნიკაციას და ამისგან წარმოშობილ დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე გაიზრდება შემოსავლების სამსახურთან თქვენი კომუნიკაციის ეფექტურობა თუ თქვენი წარმომადგენელი საგადასახადო საკითხების ექსპერტი იქნება.
კომპანია ,,თიფი სოლუშენი“ კომპანიებს სთავაზობს წარმომადგენლობას საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, თიფი სოლუშენი იქნება თქვენი კომპანიის წარმომადგენელი შემოწმების მთლიანი პერიოდის განმავლობაში – შემოწმების დაწყებიდან დასრულებამდე, შემოსავლების სამსახურთან ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი კომუნიკაციის პროცესში.
საგადასახადო შემოწმების დროს, თქვენი კომპანიის წარმომადგენლობის პარალელურად, თიფი სოლუშენის საგადასახადო ექსპერტები დამოუკიდებლად შეაფასებენ თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკებს და საგადასახადო ორგანოს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, წინასწარ შეფასდება ნებისმიერი იმ საკითხის არსებითობა და სავარაუდო შედეგები, რაც შემოწმების მიმდინარეობისას წამოჭრილი იქნება საგადასახადო ორგანოს მიერ.
მხედველობაში მისაღებია, რომ კომპანიის დამფუძნებელი, გელა ბარშოვი ყოველთვის პირადად არის ჩართული თიფი სოლუშენის მიერ განხორციელებულ საგადასახადო მომსახურების პროექტებში (მაგალითად, წარმომადგენლობა საგადასახადო შემოწმების პროცესში, მხარდაჭერა საგადასახადო დავის პროცესში, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.).
თიფი-სოლუშენის დამფუძნებლის, გელა ბარშოვის, სტატია bm.ge