Skip to content

TPSolution

მნიშვნელოვანი კორექტირებები , რომლებიც დღგ-ის ცვლილების პირველი პროექტის მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ განხორციელდა

მნიშვნელოვანი კორექტირებები , რომლებიც დღგ-ის ცვლილების პირველი პროექტის მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ განხორციელდა

  • Last Updated:
  • Category: ბლოგი
mnishvnelovani koreqtirebebi romlebic degegis cvlilebis pirveli proeqtis macneze gamoqveynebis shemdeg ganxorcielda

როგორც იცით, 2019 წლის 1 ივლისს მაცნეზე გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსში მთლიანი დღგ-ის კარის უპრეცედენტოდ მასშტაბურ ცვლილებებს, რომლის ამოქმედება 2020 წლიდან იგეგმება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშრებით ბევრი გაშუქდა, სტატიებიც დაიწერა და ინფორმაცია ალბათ მეტ-ნაკლებად ყველა დაინტერებულ პირამდე მივიდა. მათ შორის მე პირადად BMG-ზე (ასევე „ფორბსში) გამოვაქვეყნე ვრცელი სტატია, რომელშიც ამ პროექტით გათვალისწინებულ 40 ცვილებაზე/მნიშვნელოვან ჩანაწერზე მოვყევი. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ სტატიას გაეცნოთ და მარტივად გაიგო რა ცვლილებები იგეგმებოდა პირვანდელი პროექტით.

The Republic of Georgia’s Ministry of Finance


ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიზნეს კონსულტაციები

უნდა გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიზნესთან კონსულტაციების გავლის შედეგად (სადაც მეც პირადად ვიყავი ჩართული), პროექტის ის ვერსია, რომელიც ამჟამადაა გამოქვეყნებული „მაცნეს“ ვებგვერდზე, უკვე შეცვლილია. ცვლილების პროექტის ახალ ვერსიაში ძირითადად, წინა ვერსიით გათვალისწინებული უარყოფითი ცვლილებები არის გამოსწორებული. ახალი ვერსია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული და ამ ეტაპზე მხოლოდ პროფესიონალთა ვიწრო ჯგუფს მიუწვდება მასზე ხელი.
ამ სტატიაში მე დეტალურად გაგაცნობთ, რამდენიმე ძალაინ მნიშვნელოვან (უარყოფით) ჩანაწერს, რომლებიც იყო დღგ-ის ცვლილების პროექტის თავდაპირველ ვერსიაში, მაგრამ ახლა უკვე ამოღებულია/შეცვლილია. ციტირებას მოვიყვან ძველი და ახლანდელი ჩანაწერების მათი მარტივად შედარებისთვის და ზოგადად გავაანალიზებ ამ ცვლილებების სავარაუდო რეზულტატებს.
სტატიაში მოცემული ინფორმაციის მარტივად გასაგებად, გირჩევთ, რომ ის წაიკითხოთ პირველად პროექტთან ერთად, სტატიაში მითითებული მუხლების დახმარებით.

მუხლი 157, 1, „შ“.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
ტუროპერატორის განმარტება: „პირი, რომელიც ტურისტთან ურთიერთობისას მოქმედებს საკუთარი სახელით და მისი ტურისტული პროდუქტით უზრუნველყოფას ახორციელებს მხოლოდ სხვა დასაბეგრი პირების მიერ მიწოდებული საქონლის/მომსახურების მეშვეობით“
ეს ჩანაწერი ტურისტულ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი და სავარაუდოდ ძალიან ნეგატიური შედეგების მომტანი იქნებოდა, რადგან დღგ-სგან თავისუფლდება და მომავალშიც გათავლისუფლდება (ეს არ შეცვლილა) „ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება“ ხოლო თუ რომელიმე ტურისტული სააგენტო ვერ დააკმაყოფილებდა „ტუროპერატორის“ განმარტებას, ის ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებდა.
ამ განმარტების მიხედვით, ტუროპერატორმა მხოლოდ სხვა დასაბეგრი პირის მიერ მოწოდებული პროდუქტი/მომსახურება უნდა გადაყიდოს. შედეგად, ბევრი ტურისტული სააგენტო ვეღარ დააკმაყოფილებდა „ტუროპერატორის“ განმარტებას და დაკარგავდა საგადასახადო შეღავათს დღგ-ის ნაწილში.
მაგალითად, ამ განმარტების მიხედვით, ტურისტული სააგენტო, რომელიც გიდის მომსახურებას ტურისტებს საკუთარი თანამშრომელების მეშვეობით უწევს (თავად ყავს გიდი თანამშრომლად დაქირავებული) ის არ არის „ტუროპერატორი“ კოდექსის მიხედვით, რადგან სხვა დასაბეგრი პირისგან არ ყიდულობს და შემდეგ არ გადაყიდის ამ მომსახურებას. შედეგად, ასეთი ტურისტული სააგენტო ვერ ისარგებლებდა დღგ-ის შეღავათით, რაც მძიმე ტვირთად დააწვებოდა ბიზნესის ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროს.

რა შეიცვალა:
საბედნიეროდ, ტუროპერატორის განმარტება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
„ტუროპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას.“
რაც ბევრად უფრო ფართო განმარტებაა ვიდრე წინა და არ მოიცავს ზემოთ აღწერილ შეზრუდვას. შესაბამისად, ტურიტული სააგენტოები სავარაუდოდ აღარ დაკარგავენ დღგ-ის არსებულ შეღავათს. მეტიც, ეს განმარება სავარაუდოდ აღმოფხვრის მრავალმხრივი ინტერპრეტაციის პრობლემასაც, რომელიც „ტუროპერატორთან“ დაკავშირებით არსებობს ახლა და რომელიც დავის საკითხი არაერთხელ გამხდარა, რადგან კოდექსის ახლანდელ რედაქციაში „ტუროპერატორი“განმარტებული არ არის.

მუხლი 160. ნაწილი 1, „ბ“.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
„საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა, მათ შორის:
საქონლის ფაქტობრივი გადაცემა ნასყიდობის ხელშეკრულებით განვადების პირობით ან ლიზინგით, რომელიც ითვალისწინებს ამ საქონლის საკუთრებაზე უფლების გადაცემას“.

ამ ჩანაწერით განისაზღვრა, რომ განვადების და ლიზინგის შემთხვევაში დღგ-ის დაბეგვრის მომენტია საქონლის ფაქტობრივად გადაცემა.
ლიზინგთან დაკავშრებით გარდამავალ დებულებებში ჩამატებული იყო, რომ ეს დებულება არ შეეხცება 2020 წლამდე დადებულ ლიზინგის ხელშეკრულებებს.

რა შეიცვალა:
გარდამავალ დებულებაში ცანაწერი შეიცვალა და 2020 წლის ნაცვლად 2022 წლამდე გადაიწია სალიზინგო კომპანიებისთვის ამ ნორმის ამოქმედებამ, რაც ნიშნავს შემდეგს: 2022 წლამდე დადებულ ლიზინგის ხელშკრულება დაიბეგრება ყოველთვიურად მთლიანი თანხის მიხედვით (პროცენტის ჩათვლით). ხოლო 2022 წლიდან დადებული ხელშეკრულების მიხედვით დაბეგვრა მოხდება საქონლის გადაცემისთანავე, მაგრამ აღარ დაიბეგრება პროცენტის თანხა.

მუხლი 160, ნაწილი 3, „გ“.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
ანაზრაურების სანაცვლოდ საქონის მიწოდებად განიხილება (ანუ დღგ-ით იბეგრება):
„გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დასაბეგრი პირის მიერ აქტივის არაეკონომიკურ საქმიანობაში ან ისეთ საქმიანობაში გამოყენება, რაც არ გამომდინარეობს მისი საქმიანობის მიზნიდან, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.“

რა შეიცვალა:
ეს ჩანაწერი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
ანაზრაურების სანაცვლოდ საქონის მიწოდებად განიხილება (ანუ დღგ-ით იბეგრება):
„დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება თავისი თანამშრომლისთვის მისი პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნიდან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.“
ჩემი აზრით, ამ ცვლილების მთავარი მიზანია იმის დაზუსტება, თუ რა იქნება დღგ-ის ნაწილში საგადასადო ვალდბეულებები, როდესაც საქონლის მიწოდება ხდება თანამშრომლისთვის. როგორც ჩანს ზოგადი მუხლი (უსასყიდლოდ მიწოდების დაბეგვრა) თანამშრომლეთა შემთხვევაზე სრულად არ ვრცელდება. კერძოდ, დღგ-ით დაიბეგრება საქონლის თანამშრომლისთვის უსასყიდლოდ მიწოდება მაშინაც, თუ ამ საქონელზე დღგ საერთოდ არ ყოფილა ჩათვლილი, თუ ამ საქონლის გადაცემა თანამშრომლის პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოხდა და პირდაპირ არ გამომდინარეობდა ბიზნესის ინტერესებიდან.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ჩასწორებულ იქნა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც იბეგრებოდა, „დასაბეგრი პირის მიერ აქტივის არაეკონომიკურ საქმიანობაში ან ისეთ საქმიანობაში გამოყენება, რაც არ გამომდინარეობს მისი საქმიანობის მიზნიდან“.
ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არ არის, რომ კანონმდებელმა უბრალოდ ჩათვალა, რომ ჩანაწერი „მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნიდან განსხვავებული მიზნით“ ასევე მოიცავს ან ანაცვლებს ტერმინს „არაეკონომიკურ საქმიაონაში გამოყენება“ და არაა მისი ცალკე ხაზგასმა აუცილებელი.

ჯერ კიდევ ბოლომდე დაზუსტებული არ არის რას გულისხმობს „მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნიდან განსხვავებული მიზნით“ და სანამ უფრო დეტალურად განიმარტება, ალბათ ბევრი დავის მიზეზი გახდება ეს განმარტება. მე პირადად, ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალო ჩანაცვლება ტერმინის „არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება“ რადგან ეკონომიკური საქმიანობის განმარტების მთავარი კომპონენტია მოგების მიღების განზრახვა (კოდექსის მე-9 მუხლი), ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის მტავარ მიზანსაც სწორედ მოგების მიღება წარმოადგენს. ამიტომ, თუ დადასტურდა რომ კონკრეტული საქონლის მიწოდებით/გამოყენებით დასაბეგრი პირი პირდაპირ ან ირიბად მოელოდა მოგების ზრდას მოკლევადიან თუ ბგრძელვადიან პერიოდში, ჩაითვლება რომ საქონლის ასეთი გადაცემა/გამოყენება ბიზნესის საკუთარი საქმიანობის მიზანთან შესაბამისობაში მოდის.
ამ ჩანაწერის დამატებითი უარყოფითი მხარე ისაა, რომ „ეკონომიკური საქმიანობა“ კოდექსში განმარტებულია, ხოლო „ბიზნესის მიზნისგან განსხვავებული მიზანი“-არა. პირვალდ პრიექტში გაკვრით, ფრჩხილებში იყო ნახსენები მისი განმარტება: „გამოყენება ისეთი მიზნისთვის, რომელიც არ უკავშირდება დასაბეგრი პირის საქმიანობას“ რომელიც პროექტის ამჟამინდელ ვერსიაში აღარ გვხვდება.

მუხლი 1601 ნაწილი 2, „გ“.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
ცვლილების პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული იყო შემდეგი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა: „დასაბეგრი პირის მიერ სამშენებლო, სამონტაჟო ან სარემონტო მომსახურების გაწევა საკუთარი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში“

რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ საწარმოს ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი გათავისფულებულია დღგ-სგან, ასეთ საწარმოს დღგ-ით უნდა დაებეგრა საკუთარი ძირითადი საშუალების რემონტი, მონტაჟი ან/და რაიმე მიშენება.
ეს მუხლი ყველაზე მტკივნეულად ეხება საფინანასო, სამედიცინო, სადაზღვევო, საგანმანათლებლო, სამედიცინო სფეროებს, ასევე სათამაშო ბიზნესს.

რა შეიცვალა:
მსგავსი ჩანაწერი ისევ შენარჩუნდა ახალ პროექტშიც მცირე (მაგრამ მნიშვნელოვანი) ცვლილებებით:
„დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.“
როგორც ხედავთ, ამ ჩანაწერით ამოღებულ იქნა „სამშენებლო და სამონტაჟო“ საქმიანობა, ამასთან, დაზუსტდა, რომ ეს ეხება მხოლოდ შენობა-ნაგებობებს. რაც ნიშნავს, რომ ბევრად ნაკლებ სიტუაციას შეეხება აღნიშნული დღგ-ით დაბეგვრის ნორმა, ვიდრე ადრინდელი ჩანაწერით შეეხებოდა.
გარდა ამისა, შემოვიდა რემონტის განმარტება დღგ-ის მიზნებისთვის, რაც „რემონტის“ ზოგად განსაზრვრებასთან შედარებით ბევრად ვიწროა და შემოაქვს მეტი სიცხადე იმასთან დაკავშრებით, თუ რა ტიპის სარემონტო სამუშაოების ჩაარება დაიბეგრება დღგ-ით.
რემონტის განმარტება არის შემდეგი:
„ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი – შენობა/ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით“.
რემონტის ეს განმარტება მსგავსია კოდექსის მე-8 მუხლში მოცემული „ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების“ განმარტების თუმცა არა იდენტური და ეს განსხვავება მნიშვნელოვანია რადგან მე-8 მუხლი აქტივის ამოსავალი მწარმოებლურობის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს ხოლო ახალი განმარტება-სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივებაზე, რომელიც ამოსავალი მწარმოებლურობის გაუმჯობესების გარეშეც შეიძლება.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არაა ეს განმარტება რადგან, როგორც ავღნიშნე, მასში მთავარი წინაპირობაა შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება, ამასთან, ეს განმარტება გამორიცხავს ისეთ მიმდინარე ხარჯებს, რომლებიც შენობის ამოსავალ მწარმოებლურობას მხოლოდ აღადგენენ, მაშინ როდესაც, შენობის ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენა უმეტეს შემთხვეავაში ამ შენობის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებას იწვევს.
განმარტება ალბათ ცოტა მეტ დაზუსტებას საჭიროებს (ალბათ კანონის ძალაში შესვლამდე დაზუსტდება კიდეც) და ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ ვისაუბრებ, თუმცა აქ უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ ცალსახად გამოირიცხა ისეთი სარემონტო სამუშაოების (მიმდინარე რემონტი) დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა, რომლებსაც, როგორც წესი, ყველაზე ხშირად აქვს ბიზნესში ადგილი, რაც ყველაზე მტკივნეული იქნებოდა ბიზნესისთვის. .
აქ გასათვალისწინებელია, რომ რემონტის განმარტების არ არსებობის შემთხვევაში, არ იყო ცალსახა უნდა გვეხელმძრვანელა მე-8 მუხლში მოცემული „ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების“ განმარტებით, თუ ამ მუხლის მიზნებისთვის რემონტი უნდა გაგვეგო მისი კლასიკური გაგებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და შემამსუბუქებელია მნიშვნელოვანია სამშენებლო და სამონტაჟო მომსახურების ამოღება განმარტებიდან.
მოკლედ, ეს საკითხი ბოლომდე ცალსახა ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ახლანდელი ჩანაწერი ბევრად შემამსუბუქებელია და ბევრად ნაკლები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა დღგ-ის ცვლილების პირველად ვერსიით გათვალისწინებული ჩანაწერტან შედარებით.

მუხლი 163. ნაწილი 2.

ანაწერი პირვანდელი პროექტით:
საზოგადოებაში ყველაზე მეტი უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია დღგ-ის პირველად პროექტში შემოტანილმა ნორმამ:
„თუ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა (გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ერთ საგადასახადო წელში არ სრულდება და ანაზღაურება გათვალისწინებულია ეტაპობრივად, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც გათვალისწინებულია შესაბამისი ანაზღაურების თანხის გადახდა.“
ამ ჩანაწერის უამრავი ინტერპრეტაცია არსებობდა და ის ადმინისტრაციული ტვირთის დამძიმების საშიშროების საფუძველსაც იძლეოდა. ჩემეული ინტერპრეტაციით, ამ ჩანაწერის მიხედვით, დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო მისაღები (და არა მხოლოდ მიღებული) ავანსები თუ კონტრაქტი წლიდან წელზე გადადიოდა. რის გამოც ბიზნესს უნდა ეკონტროლებინა ყველა კონტრაქტი და მასში განსაზრვრული კლიენტისგან ავანსის მიღების ვალდებულება.

რა შეიცვალა:
ეს ჩანაწერი ცვლილების ახლანდელ ვერსიაში საერთოდ ამოღებულია, რაც ბევრი სამომსავლო პრობლემისგან ათავისუფლებს ძალიან ბევრ გადასახადის გადამხდელს.
მუხლი 163. ნაწილი 3.
ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
როგორც იცით, კოდექსის ახლანდელი რედაქციით ავანსად თანხების მიღებაც როგორც წესი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, თუმცა ამ რედაქციით ეს არ ეხება რეგულარულ და უწყვე მომსახურებებს. დღგ-იც კარის ცვლილიების პირვანდელ პროექტში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში აღარ უშვებდა გამონაკლისს უწყვეტი და რეგულარული მომსახურების სახით.
„თუ თანხა, სრულად ან ნაწილობრივ, ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება, ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.“
ამ ჩანაწერის მიხედვით, ავანსის მიღების დროს დაიბეგრებოდა უწყვეტი და რეგულარული ნებისმიერი მომსახურებაც რადგან ჩანაწერი გამონაკლისს აღარ უშვებს რაც კოდექსის ახლანდელი რედაქციით გათვალისწინებულია.

რა შეიცვალა:
ცვლილებების განახლებულ პროექტში ეს ჩანაწერი უცვლელი დარჩა, თუმცა ჩაემატა შემდეგი დაზუსტება იმავე მუხლის მე-5 ნაწილის სახით:
„დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევა ან საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყალის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად.“
ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილში ჩაიწერა „ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით“ რაც ნიშნავს, რომ ოპერაციის დაბეგვრის დრო დარჩება თვის ბოლო. რაც შეეხება, გარანტირებული სიმძლავრის და ამგვარი საქონლის მიწოდებას, ის შესაძლოა თვის ბოლოსგან განსხვაბულ თარიღშიც დაიბეგროს, თუ მიწოდების ციკლი არ ემთხვევა კანელდარულ თვეს.

მუხლი 164. ნაწილი 4.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
პროექტის პირველადი ვერსიით დღგ-ის დასაბეგრი თანხის განმარეტას „ბ“ ქვეპუნქტის სახით დაემატა ახალი ჩანაწერი:
„დღგ-ით დასაბეგრი თანხა მოიცავს:
ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და გადასახდელებს, დღგ-ის გარდა;
ბ) თანმდევ ხარჯებს, მათ შორის, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯებს. ამასთანავე, ხარჯი, რომელიც იფარება ცალკეული ხელშეკრულებით, განიხილება თანმდევ ხარჯად“

რა შეიცვალა:
ეს ჩანაწერი შეიცვალა შემდეგი სიტყვათა შემდეგი წყობით:

„დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა მოიცავდეს:

ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს საფასურებს და გადასახდელებს, დღგ-ის გარდა;
ბ) თანმდევ ხარჯებს, როგორიცაა, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯები, რომელსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს.“
დაემატა მხოლოდ „რომელსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს“ და ამ მცირე კორექტირებით ბევრი გაუგებრობა იქნა თავიდან არიდებული.
ცოტა უფრო დეტალურად რომ ავხსნა, წინა ჩანაწერით შესაძლოა დაბეგრილიყო ის ხარჯები, რომლებიც მომსახურების გამწევმა მომსახურების მიწოდებისთვის გასწია, თუმცა მათი ანაზრაურების ვალდბეულებას დამატებით არ აკისრებს დამკვეთს.
მაგალითად, აუდიტორული მომსახურების ღირებულებაა 5000 ლარი, ამ მომსახურების გასაწევად აუდიტორი თბილისიდან მიემგზავრება ბათუმში და მივლინების ხარჯი უჯდება ჯამში 500 ლარი, რომელსაც აუდიტორი ტავის კლიენტს არ აკისრებს.
წინა ჩანაწერით შესაძლოა ეს 500 ლარიც დაბეგრილიყო, რადგან მომსახურების თანმდევი ხარჯი არის და მეტი დაზუსტება ჩანაწერს არ ქონდა. (ალბათ ბევრი დავის შემდეგ მაინც ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდნენ ბიზნესიც და სახელმწიფოც და ესეთი ხარჯები არ დაიბეგრებოდა, თუმცა ინტერპრეტაციების ძალინ დიდი სივრცე დარჩებოდა თავდაპირველად ამ ჩანაწერით და ეს უკვე ცუდია).
ახალი რედაქციით, ეს 500 ლარი მხოლოდ მაშინ დაიბეგრება დღგ-ით თუ მისი ანაღაურების ვალდებულება კლიენტს გააჩნია. ამ შემთხვევაში აუდიტორის მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 5500 ლარს. რაც ახლაც ამავე პრინციპით უნდა დაიბეგროს უბრალოდ კოდექსში არაა დეტრალურად გაწერილი და ამის კოდექსის პირდაპირ ჩაწერა მაინც საჭიროა, განსხვავებული ინტერპრეტაციების პრევენციისთვის.
თუ ასეთ სიტუაციებში დამატებით ასანაზღაურებულ ხარჯს არ ბეგრავთ დღგ-ით ან უკუდაბეგვრის დღგ-ით, გირჩევთ რომ დაბეგროთ და თავი აარიდოთ რისკს, ან კონსულტაციისთვის შემეხმიანოთ.

მუხლი 165, ნაწილი 9.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
„ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში ან აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ადგილი ამ კოდექსის შესაბამისად არის საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით.“
აღნიშნულ ჩანაწერს ვკითხულობთ დღგ-ის ცვლილებების პირვანდელ (გამოქვეყნებულ) პროექტში, რომელსაც ბევრი ცვლილება და სიახლე შემოაქვს არარეზიდენტების დღგ-ის რეგისტრაციის ნაწილში. ალბათ გახსოვთ, რომ ახლანდელი რედაქციით დღგ-ის რეგისტრაციის ვალდბეულება უჩნდება არარაზიდენტს მხოლოდ მაშინ, თუ ის საქართველში საქმიანობას ახორციელებს აქ განთავსებული მუდმივი დაწესესებულების მეშვეობით. კოდექსის ახლანდელი ჩანაწერით, არარეზიდენტის მიერ 100000 ლარზე მეტი ღირებულების აქტივის მიწოდება საქართველოში (მაგალითად, საოფისე ფართი) არც რეგისტრაციის ვალდებულბას წარმოშობს და არც უკუდაბეგვრით იბეგრება, რაც, რა თქმა უნდა, კანონის ხარვეზია.
ეს ხარვეზი ნამდვილად აღმოსაფხვრელ იყო, თუმცა ზემოთ მოყვანილი ჩანაწერით მეორე უკიდურესობამდე მივდიოდით. ნებირმიერი არარეზიდენტ დასაბეგრ პირს (ახალი ტერმინოლოგიით საქართველოში არ დაფუძნებულ დასაბეგრ პირს) საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ღირებულების საქონლის მიწოდების შემთხვევაში უჩნდებოდა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება საქართველიში.

რა შეიცვალა:
ეს ჩანაწერი შეიცვალა და ჩამოყალიბბდა შემდეგნაირად:
„ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, დასაბეგრი პირი რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.“

ახალი ჩანაწერით საქართველოში არ დაფუძნებული პირი ამოღებულ იქნა და დღგ-ის რეგისტარციის ვალდებულება შეეხოთ მხოლოდ საქართველოში არსებულ „ფიქსირებულ დაწესებულებებს“ რომლებიც შინაარსობრივად წააგავს ახლანდელ ტერმინს „მუდმივი დაწესებულება“ თუმცა ბევრად უფრო ფართოა და მეტ შემთხვევას მოიცავს, ვიდრე „მუდმივი დაწესებულება“.
მაგალითად, ხშირია შემთხვევა როცა უცხოურ კომპანიას ფილიალი აქვს დაფუძნებული საქართველოში და ეს ფილიალი არ წამროადგენს მუდმივ დაწესებულებას, რადგან მისი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ დამხმარე საქიანობით, რომელიც ფიქსირებული ადგილის მიუხედავად მუდმივ დაწესებულებას არ წარმოშობს. ასევე, ხშირ შემთხვეავაში უცხოური კომპანიის მუდმივი ადგილის მეშვეობით საქმიანობა არ წარმოაქმნიდა მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, რადგან დროის კრიტერიუმი არ კმაყოფილდებოდა.
თუმცა ის საქმიანობები, რომლებიც ადრე არ წარმოქმნიდა „მუდმივ დაწესებულებას“ ხშირ შემთხვევაში მარტივად დაააკმაყოფილებენ „ფიქსირებული დაწესებულების“ განმარტებას და დღგ-ით დაიბეგრებიან პირველივე ოპერაციიდან.

აქ ასევე აღსანიშნავია, რომ „მუდმივი დაწესებულება“ მოგების კარში ისევ აქტუალურია, მისი წარმოშობის თავისი წინაპირობებით, მოგების და დღგ-ის კარები ამ ნაწილში ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, ისევე როგორც ტერმინები „რეზიდენტი პირი“ და „დაფუძნებული პირი“. „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“ ისებ აქტუალურია მოგების და საშემოსავლო გადასახადების მიზებისთვის, თუმცა ეს ტერმინები აღარ იარსებებს დღგ-ის მიზნებისთვის, რაც სუბიექტური ინტერპრეტაციისთვის კიდევ მეტ სივრცეს დატოვებს, რადგან „დაფუძებული პირის“ განმარტება ბევრად უფრო ზოგადია და სუბიეტურად განსაზრვრად კრიტერიუმებს დაეფუძნება, ვიდრე „რეზიდენტობის“ განმარტების 183 დღიანი კრიტერიუმი.
და ბოლოს, ახალ ჩანაწერში პრობლემატურია დათქმის ამოღება „თუ ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით.“ რაც ნიშნავს იმას, რომ დღგ-ის რეგისტრაციის ეს ვალდებულება შეიძლება შეეხოთ მომსახურების გამწევ არარეზიდენტ კომპანიებსაც, რომელებიც „ფიქსირებული დაწესებულების“ კრტერიუმს აკმაყოფილებენ თუმცა ასეთად არ არიან რეგისტრირებულნი და უკუდაბეგვრის წესით იბეგრებიან. ამ საკითხის სიღმისეულ განხილვაშიც არ მეყოფა სტატიის რამდენი გვერდიანი ლიმიტი, ამიტომ ესეც შემდეგში.

მუხლი 170, ნაწილი 1, „ა“ და „ე“.

ჩანაწერი პირვანდელი პროექტით:
ცვლილების პირვანდელ პროექტში გამოჩნდა დღგ-ისგან გათავისუფლების ახალი ნორმები, რაც ტავისთავად დადებით ცვლილებას წარმოადგენდა.
„დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:
ა) „სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/მკურნალობის მომსახურება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებები, რომელსაც ახორციელებს პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება“
ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება;“
როგორც ავღნიშნე, ეს ჩანაწერი დადებითია, რადგან ცალსახად ათავისუფლებს არა მხოლოდ საგანმანათლებლო და გარკვეული ტიპის სამედიცინო საქმიენობებს, არამედ მათთან უშუალოდ დაკავშრებულ მომსახურების გაწევას, ასევე საქონლის მიწოდებას საგანმანათლებლო საქმიანობის შემთხვევაში. (თუმცა ახლანდელი რედაქციითაც შესაძლოა გათავიფულებულიყო ასეთი ოპერაციების ნაწილი მაინც, თუ შერეული ოპერაციის მუხლის მოქმედების ზონაში მოექცეოდნენ.
მეორეს მხრივ, აღნიშნულმა ჩანაწერებმა გამოიწვია დისკუსია, თუ კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ჩანაწერში „უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურება“. მაგალითად, იგულისხმებოდა თუ არა სკოლების მიერ მოსწავლეების კვება.

რა შეიცვალა:
ასეთი ინტერპრეტირებადი საკითხები უფრო ცალსახად გასაგები რომ ყოფილიყო და ინტერპრეტაციების ნაკლები შესაძლებლობა დარჩენილიყო, აღნიშნული ჩანაწერები შეიცვალა და ორივეს ასევე ჩაემატა „დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება“. ჩემი იორმაციით, ამ ცვლილების შეტანის ერთ-ერთი მტავარი მიზანი იყო დღგ-სგან სკოლების მიერ კვების მომსახურების ცალსახად გათავისუფლება დღგ-სგან.
მოკლედ, ეს მუხლი ამჟამად ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
ა) „სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომელსაც ახორციელებს პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება.“
ე) „საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.“
შედეგად, სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობების ბევრად მეტი თანმდევი საქმიანობა გათავისუფლდება დღგ-სგან ახალი პროექტით, ვიდრე პირვანდელით თავისუფლდებოდა.

ამ სტატიაში შევეცადე შეძლებისდაგვარად მოკლედ ჩამეტია დღგ-ის მოსალოდნელი ცვლილებების პირვანდელი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კორექტირებები და ასეთი კორექტირებების სავარაუდო ზეგავლენა ბიზნესის საგადასახადო ვალდებულებებზე. სტატიის ფორმატი არ ითვალისიწიენბდა თითოელი საკითხის სიღმისეულ ანალიზს თუმცა თუ უფრო დეტალური ანალიზი გჭირდებათ თქვენი ბიზნესის ზუსტი საგადასახდო ვალდებულბის განსაზღვრისთვის, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ინდივიდუალურად გავაანალიზოთ ყველა კონკრეტული საკითხი.


და ბოლოდ, შეგახსენებთ, რომ ახალი ჩანაწერების ინტერპრეტაციის საკითში უდიდესი როლი დაეკისრება ევროპული სასამართლოს (EUROPEAN COURT OF JUSTICE-ECJ) გადაწყვეტილებები რომელიც შეგიძლიათ მოძებნოთ აქ.

ეს სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნდა “ფორბსზე”